ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები რეგულაციების შინაარს არ ცვლის.
კერძოდ, ის ირწმუნება, რომ ახალი კანონით იცვლება რეგულაციის აღსრულების მექანიზმი და ის, რაც ამ დრომდე თვითრეგულირებაში იყო მოქცეული, სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებაში გადადის.
“ის, რაც იყო დღემდე, რეგულაციის სახით, არ იცვლება არც ერთი პუნქტი, ოღონდ ეს ყველაფერი მოქცეული იყო თვითრეგულირებაში, რაც არ ხორციელდებოდა, შესაბამისად, თვითრეგულირების არ განხორციელებამ შექმნა მკვდრად შობილი ნორმები, იმიტომ რომ თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებდა.
ტელევიზიები მაგალითად, თვითრეგულირების ნაწილში იყვნენ აბსოლუტურად ინერტულები და როგორც აღმოჩნდა და ჩვენც შევისწავლეთ, ბრიტანული მოდელიდან, იყო ძირითადი ნორმები გადმოტანილი, საქართველოს რეალობაზე მორგებული, რაც თქვენ უკვე ყველა ჟურნალისტს აღიარებული გქონდათ და იყო უბრალოდ თვითრეგულირების სფეროში. ახლა ხდება ერთადერთი რამის შეცვლა, რომ თვითრეგულირებიდან ეს გადმოდის სახელმწიფო რეგულირებაში.
ნორმა არ იცვლება. რაც ყველა ჟურნალისტს საქართველოში, ბევრ შემთხვევაში ხელმოწერითაც, ქარტიებში, აღიარებული ჰქონდა, ეს ნორმები გადმოვა რეალურ ცხოვრებაში და მის აღსრულებაზე კონტროლს დააწესებს სახელმწიფო, რადგან თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებს”, – ამბობს მამუკა მდინარაძე.
