„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე 19 ნოემბერს ბრიფინგზე გამოეხმაურა ჭავჭავაძის გამზირის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებას და პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა „კანონის პროფესიონალურად და მშვიდობიანი ფორმით აღსრულებისთვის“.
მისი განცხადებით, დაუშვებელია დედაქალაქის პარალიზება და პოლიციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო:
„არ შეიძლება რამდენიმე ათეულმა ადამიანმა და აგენტურულმა ოპოზიციამ დედაქალაქის პარალიზება მოახდინოს. ამას, ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო ვერ დაუშვებს. ერთი ღამის განმავლობაში მათ ეს მოახერხეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლიციამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით.
ეს ექსტრემიზმი, რომელიც აგენტურული ოპოზიციის მიერ იყო განხორციელებული, წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში წინა დღეების განმავლობაში, წააქეზეს აგენტურა, აქ მაიდნისკენ მოუწოდეს მათ და თავად მშვიდად დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
11 ნოემბერს თბილისში ვიზიტით მყოფი გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
ევროპელ პარლამენტარებს „ქართული ოცნების“ ლიდერები არ შეხვდნენ. მათთან შეხვედრაზე უარი თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა წერილის ქართული ვარიანტი, რომელშიც შეხვედრაზე უარის მიზეზად დასახელებულია „საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების მიმართ მრავალჯერ გამოვლენილი პირადი არამეგობრული დამოკიდებულება”.
19 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის 18 ნოემბრის განცხადებასაც, რომლის თანახმადაც, არსებული სიტუაციიდან გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა, იქამდე კი ის საუბრობს 26 ოქტომბრამდე, საპარლამენტო არჩევნებამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის დაბრუნების აუცილებლობაზე. სალომე ზურაბიშვილის იდეა გულისხმობს არსებული პარლამენტით, მთავრობით და პრეზიდენტით ქვეყნის მართვის გაგრძელებას.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ის საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„გუშინ საქართველოს მოსახლეობამ მოისმინა საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილის აბსურდული განცხადებები, რომლებსაც ვერც თავი გაუგო ვინმემ და ვერც ბოლო.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ყველაფერზე, თუმცა, პასუხი არ გასცა მთავარ კითხვას, ნიშნავს თუ არა საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას. თუ არა, ის ამით კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან ის არ ასრულებს პრეზიდენტის კონსტიტუციურ ვალდებულებას.
მეტი სიცხადისთვის, თუკი სალომე ზურაბიშვილი კვლავ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ შეასრულებს კონსტიტუციაში პირდაპირ გაწერილ საკუთარ მოვალეობას და არ დანიშნავს პირველ სხდომას, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს ათი დღისა და შესაბამისად შევიკრიბებით პარლამენტში და შევუდგებით საპარლამენტო საქმიანობას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
შსს-ს თანახმად, შეკრების მონაწილეებს აზრის და პროტესტის გამოსათქმელად საკმარისი დრო მიეცათ, ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის, კომუნალური სერვისების ნორმალურად
ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, ტერიტორია კონსტრუქციებისგან გაათავისუფლონ.
ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი თქვეს.
პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ. ამ ტერიტორიაზე სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციელებმა დააკავეს აქციის მონაწილეები.