ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რუსულ კანონში ჩაასწორებენ მე-8 მუხლის ერთ-ერთ ნაწილს, სადაც საუბარია მონიტორინგის დაწყების საფუძველზე, მდინარაძის თქმით სიტყვა “მინიშნების” ნაცვლად კანონში დაწერენ “ინფორმაციას”.
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას”. – წერია რუსული კანონის მე-8 მუხლში მონიტორინგის შესახებ.
მამუკა მდინარაძე სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს შეხვდა და მისი თქმით მათ “ძალიან საინტერესო წინადადებები დააყენეს, რაც გავიზიარე, რაც არ მოფიქრებია, არც ერთ ჩვენ ოპონენტს”, მდინარაძის თქმით სტუდენტების შენიშვნის საფუძველზე შეიტანენ კანონში ცვლილებას.
“ამ ბავშვებმა, ამ ახალგაზრდებმა ორი ისეთი საკითხი დააყენეს, რომლის არ გაზიარება არ შეიძლება. ერთი შეეხება ცვლილებას, რა ცვლილება უნდა შევიდეს, რომელიც უალტერნატივო იყო და დავეთანხმე და ამ ცვლილებას შევიტანთ, იქ ჩანაწერს მერვე პუნქტში სადაც იყო სიტყვა “მინიშნება”, რომელიც შეიცვლება სიტყვა “ინფორმაციით”, რომ აქ ვინმემ სპეკულაცია არ მოახერხოს და მათ ჰქონდათ ამ მიმართულებით კითხვის ნიშნები და ამასთან დაკავშირებით გავეცი პასუხი, რომ ეს სწორია, სწორი შენიშვნაა და შეიცვლება და ასევე დაფინანსებებთან დაკავშირებით, რომ ახალგაზრდული მიმართულებით შიდა დაფინანსებები შიდა გრანტები კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს”. – თქვა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
დღეს, 11 აპრილს მამუკა მდინარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად, სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათ რუსული კანონის შინაარსი გააცნო.