მდინარაძე: თუ საბრძოლველი იქნა, ჩვენზე მაგრად ვერავინ იბრძოლებს

“თუ საბრძოლველი იქნება, ჩვენზე მაგრად ვერავინ იბრძოლებს” – ეს განცხადება ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მ ზუგდიდში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა და გაიმეორა დეზინფორმაცია, თითქოს აგვისტოს ომის დროს ხელისუფლების წარმომადგენლები წითელი ხიდით ტოვებდნენ ქვეყანას.
მდინარაძემ ოცნების სხვა ლიდერების მსგავსად გაიმეორა პარტიის რიტორიკა და “საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის შემდეგ, ნაცმოძრაობისა და სხვა აგენტურული პარტიების” აკრძალვაზე ისაუბრა.
“როდესაც ვლაპარაკობთ ნაც აგენტურაზე, ეს სააკაშვილი იქნება თუ გვარამია, გახარია იქნება თუ ხაზარაძე, სწორედ იმიტომ უნდა აგონ მათ ხალხის, თქვენს წინაშე პასუხი, რომ ძალიან სამწუხაროდ, ისინი ქართული წარმოშობის ადამიანები, არაქართულ საქმეს ემსახურებიან და საერთო, ქვეყნის გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებენ, შემდეგ კი იმისთვის, რომ თავიანთ მომხრეებს და ხანდახან საკუთარ თავსაც შეიძლება დააჯერონ, რომ ასე არის, ყველაფერს ქართულს დაარქვან რუსული, ყველაფერს ეროვნულს უწოდონ რაღაც დამაკნინებელი სიტყვა, ასე ამართლებენ საკუთარ მოქმედებებს, მაგრამ არანაირი გამართლება არ აქვს ამას, მეგობრებო.
თუნდაც ერთი ამომრჩევლის მხარდაჭერაც იმ პოლიტიკური ძალისადმი, მისი სატელიტი პარტიებისადმი, რომელმაც დადგა, შეასრულა, ჩაიწერა და მერე ისეთი კადრები ამოუვარდა, ყურში რომ ჩაგვესმის დღესაც, მეგრელი კაცის განწირული ყვირილი და არ მინდა გავაგრძელო ამ საშინელებაზე ლაპარაკი… წარმოიდგინეთ, ამ ხალხსაც კი ჰყავს მხარდამჭერები, შეიძლება ცოტა, მაგრამ მაინც ჰყავთ, შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ აქ ებრძვიან რაღაცას რუსულს და სადაც საბრძოლველი იყო, მათ ლიდერებს იქ არ უბრძოლიათ და წითელ ხიდზე ვერ ასწრებდა ვერავინ. თუ საბრძოლველი იქნა, ჩვენზე მაგრად ვერავინ იბრძოლებს”, – თქვა მდინარაძემ.