ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რუსულ კანონთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ინიცირებული კანონი ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი არაა.
“არათუ ჰგავს, ერთი იყო თარგმანი პირდაპირ, რომელსაც დაარქვეს რუსული კანონი. ქალბატონ დანიგანს ამაზე არაფერი უთქვამს. ხომ არ მივიღოთ ის? მოდი, დააინიციირონ ჩვენმა ოპონენტებმა და პირდაპირ ის მივიღოთ. არ ვამბობ ირონიით, დააინიციირონ ამერიკული და პირდაპირ მივიღებთ. შარშან იყო თარგმანი პირდაპირი და რუსულს ეძახდით იმას და რა მნიშვნელობა აქვს”, – თქვა მდინარაძემ.
გარდა ამისა, მდინარაძე, როგორც თავად ამბობს “უტრირებულად” გამოეხმაურა დანიგანის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ელჩი აღნიშნავს, რომ როცა ოკუპანტი ქვეყანა მიესალმება ამ კანონპროექტს, უნდა დაისვას კითხვა, არის თუ არა ის სასიკეთო.
“ქართულად ხომ ვლაპარაკობთ ჩვენ? და ხომ უნდა ვილაპარაკოთ ქართულად ვიდრე ვიარსებებთ, სამყარო სანამ იარსებებს? მე მგონია რომ ქართულად უნდა ვილაპარაკოთ. კიდევ ერთხელ დრამატიზირებისა და უტრირებისთვის დიდი ბოდიში. თუკი ჩვენ მეგობრები გვეტყვიან, რომ მოდი თქვენ ქართულად აღარ ილაპარაკოთ და რუსები იტყვიან კარგია ესენი ქართულად რომ ლაპარაკობენ, ჩვენ ქართულად ლაპარაკი უნდა შევწყვიტოთ თუ უნდა გავაგრძელოთ?!” – თქვა მდინარაძემ.