უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ვეტინგის საკითხს “დახურულად” აცხადებს.
მდინარაძის მტკიცებით, “არ დაუშვებენ ისეთი სისტემის შექმნას, სადაც ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლის საკითხი გადაწყვეტა სხვა ქვეყნის მოქალაქეზე იქნება დამოკიდებული”.
“რაც შეეხება ვეტინგის სისტემას, დღესაც იყო ეს განხილვის თემა [უმრავლესობის სხდომაზე]. შეგვიძლია თამამად ეს საკითხი აბსოლუტურად დახურულად გამოვაცხადოთ, რადგან რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს არცერთ სფეროსთან დაკავშირებით ისეთი სისტემის შექმნას, სადაც საქართველოს ან მისის ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იქნება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, როგორი მეგობრული დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ამ სხვა ქვეყნებთან. კატეგორიულად და პრინციპულად ვაცხადებთ, რომ სუვერენიტეტზე, ქვეყნის კონსტიტუციაზე და დამოუკიდებლობაზე დარტყმას ჩვენ საკუთარი ხელით ნამდვილად არ ვაპირებთ. ამიტომ ეს საკითხი დახურულია და თავს ნუ შეიწუხებენ ზედმეტი დაძალებისგან თუ პიარ კამპანიებისგან”- თქვა მდინარაძემ.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეა საუბარი, ნახსენებია მართლმსაჯულების სისტემაში დანიშნული პირების კეთილსინდისიერების შემოწმება – ე.წ ვეტინგი.
ვეტინგის სისტემა არის მოდელი, რომლის ფარგლებშიც მოწმდება მოსამართლეთა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, კომისია კი უცხოელი და ქართველი ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს. ამას ითხოვს ვენეციის კომისიაც.
ქართული ოცნების არგუმენტი ისაა, რომ პროცესში უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება. მმართველ გუნდში ცდილობენ, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემა ოპოზიციის ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა ამას ქვეყნისგან ევროკომისია ითხოვს.