ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ე.წ დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა, რომლებიც აბუ დაბიში მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ უკვე თბილისში არიან.
ის ირწმუნება, რომ ე.წ. დეპუტატებმა აბუ დაბის პოლიციის განყოფილებაში დღე-ნახევარი გაატარეს და ამბობს, რომ ორივე მხარეს ჯარიმები დაეკისრა.
“ორივე თბილისშია. პატიმრობაში არასდროს არ ყოფილან, ასე ოფიციალურად, ფორმალურად, თუ როგორც გინდათ დავარქვათ, არასდროს არ ყოფილან ისინი. 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საკმაოდ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, იყვნენ აბუ დაბიში, პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ სასტუმროში, შემდეგ დასრულდა სამართალწარმოება და დატოვეს აბუ დაბი და არიან თბილისში. დღე-ნახევარი გაატარეს პოლიციის განყოფილებაში. დასრულდა სამართალწარმოება და ჯარიმები იყო, თუ არ ვცდები და ყველას, ორივე მხარეს რაღაც ჯარიმები დაეკისრა. აღარ მახსოვს, რამდენი იყო, მაგრამ თქვენ რომ ავრცელებთ ინფორმაციას, 50 ათასი, თუ 100 ათასი – არა, ამასთან მიახლოებული თანხა არაა”, – ამბობს მამუკა მდინარაძე.
13 იანვარს აბუ დაბიში მყოფი ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მანამდე, 12 იანვარს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც აბუ დაბიში ჩასულ ოცნების ერთპარტიული და არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატებს “გამყიდველები და მოღალატეები” უწოდა.
კადრებში იყვნენ ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გოჩა ენუქიძე. ასევე, ქართული ოცნების წევრი გელა სამხარაული და განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი.
კადრებში ჩანდა, რომ მოქალაქეს, რომელიც ირაკლი ზარქუას ვიდეოს უღებდა, ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატმა ხელი მოუქნია, შემდეგ კი, ქუჩაში შეხვედრისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
15 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოცნების ე.წ დეპუტატები დააკავეს.