“ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გახსნას” – ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, ეს “ოკუპანტი მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების კიდევ ერთი უხეში დარღვევა და შეურაცხმყოფელი ქმედებაა”.
“დარღვევის ეს ხარისხი რაზე მიანიშნებს, ამას ალბათ ქართული და საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ კარგად იაზრებს“ – თქვა მდინარაძემ.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უბნების უკანონოდ გახსნა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაგმო.
“აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.
ოკუპირებულ რეგიონებში ნებისმიერი არჩევნების ჩატარება უკანონოა ოკუპაციის ფონზე, რაც დადგენილია მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებით, და იმ პირობებში, როცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ მოსახლეობას კვლავ არ ეძლევა საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და რეაგირება მოახდინოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ” – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთში სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხმების დათვლა დასრულდა. რუსეთის ცესკოს ცნობით, ვლადიმირ პუტინმა 87.28% აიღო.
არჩევნებში, რომელიც აბსოლუტურად არაკონკურენტულ და არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, მეორე ადგილი დაიკავა რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატმა, ნიკოლაი ხარიტონოვმა 4.31%-ით. მესამე ადგილზეა პარტია “ახალი ხალხის” კანდიდატმა, ვლადისლავ დავანკოვმა 3.85%-ით, ხოლო ბოლო ადგილზე გავიდა ვლადიმირ ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლეონიდ სლუცკი, 3.20%-ით.
ეს ყველაზე დიდი პროცენტია, რაც კი პუტინს არჩევნებში აუღია.