ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ისევ იმეორებს, რომ საქართველო “მეორე ფრონტის” საფრთხის წინაშეა. მან TV იმედის ეთერში თქვა, რომ წინასაარჩევნოდ “ფიზიკური გადარჩენა გახდა პირველი პრიორიტეტი”.
“თუ ვინმე კიდევ დარჩა, ვინც ფიქრობს, რომ ეს ვიღაცამ მოიგონა საარჩევნო კამპანიისთვის, იმასთან მაქვს შეკითხვა – რატომ არ უნდა აწყობდეს ვინმეს, გარდა საქართველოსი, რომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი სადღაც გაიხსნას, ამაზე დავფიქრდეთ მარტივად…
…მე მაგალითად, სხვა ქვეყნის, არ ვასახელებ ქვეყანას, სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქე რომ ვიყო, რატომ კაცო, ჩემთვის რა არის ამოსავალი წერტილი, ქართველი თუ არ ხარ? უკრაინაში იხოცებიან ადამიანები, დანილოვმა რაც თქვა, რატომ არა, შეგვეხიდეთო, იმ კაცმა ხომ გვითხრა, ეს ხომ არ მოგვეჩვენა, რატომ არ უნდა იომოს საქართველომ?” – თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა.
იმედი LIVE-ის წამყვანის, მაგდა ანიკაშვილის რეპლიკაზე, რომ ეს თქვა ომში მყოფი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირმა, მაგრამ არა დასავლელმა ლიდერებმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი “ბევრი რაღაცის” თქმისგან თავს იკავებს.
“ნახეთ, ჩვენ ბევრ რაღაცაზე ხომ თავს ვიკავებთ, ჩვენ ხომ რაღაც ვთქვით და რაღაც არ გვითქვამს, ანუ რაც ვთქვით, კიდევ მეტი არ გვითქვამს. ჩვენ შეგვიძლია, ასეთი რაღაცებიც ვილაპარაკოთ, სიმართლე ოღონდ, მოგონილი კი არა, სიმართლე, რა სიმართლეც იქნება ძალიან დიდი სკანდალი…
ღმერთმა არ ქნას, ამის ლაპარაკი მოგვიწიოს და თან თავისი მტკიცებულებებით, ეს ჩვენ არ გვინდა. ჩვენ რომ ვუფრთხილდებით რაღაცებს, ისე, ამ შემთხვევაში მეორე მხარეც უკეთესია, უფრთხილდებოდეს. ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ჩვენ რაღაცების თქმაზეც ვიკავებთ თავს” – ამბობს მდინარაძე.
კითხვაზე, “ეს იყო ოფიციალური პირების მოთხოვნა?” – ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი პასუხობს – “არა, არა, აღარ გავიდეთ ამის იქით”.
“ამაზე ჩვენ ერთხელ მინიშნება გავაკეთეთ და ბევრმა ვერ გაიგო, როგორც ვხვდები. ღმერთმა არ ქნას, რომ ამ ქვეყანაში ამ ინფორმაციის მატარებელ რომელიმე ადამიანს დასჭირდეს ამის თქმა, თორემ ქვეყნის გადასარჩენად მერე იტყვი კიდევაც და შეიძლება მტკიცებულებებიც დადო” – თქვა მდინარაძემ.