“მდგომარეობა არის საგანგებო”- ასე შეაფასა ალავერდი ეპარქიის წინამძღავრმა, მეუფე დავითმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარება გუშინდელი სტიქიის შემდეგ.
” მდგომარეობა არის საგანგებო, არცერთო სახურავი არ არის გადარჩენილი. სპეციალისტებმა უნდა ნახონ, დარტყმა ქარბობრბალას არის ძალიან დიდი და ამიტომ უნდა ინახოს, ხომ არ არის რამე უხილავი ბზარები. ასევეა სამრეკლო, რომელსაც აქამდეც სჭირდებოდა გამაგრება და რესტავრაცია და დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დავადგინოთ, რა დარტყმა მიიღო. ყველაფერი ფაქტიურად არის მორყეული, წარმოუდგენელია, რა ძალამ მოარყია, უზარმაზარი ლორფინის ქვები არის გაფრიალებული, როგორც ფარატინა ფურცელი”- განაცხადა მეუფემ.
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილის განმარტებით, მონასტრის დაზიანების მასშტაბი სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ და სახელმწიფო გადაწყვეტს, რა ჩარევა განახორციელოს ალავერდის აღდგენის პროცესში.
“ყველა გაწმენდითი სამუშაო ჩატარებულია და ამჟამადაც გრძელდება.საჭიროა მონასტრის ღრმა შესწავლა, ჩვენ ჯერ არ ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. ალავერდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თავისი სპეციფიკა აქვს და დასკვნა სპეციალისტებმა უნდა გააკეთონ”- განაცხადა ბეგიაშვილმა.
შეწყდება თუ არა ალავერდში დროებით, წირვა-ლოცვის პროცესი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, მონასტრის მსახურები სპეციალისტებს ელოდებიან.
შეგახსენებთ, გუშინდელმა ქარბორბალამ ალავერდის სამონასტრო კომპლექსსა და საკათედრო ტაძარს დიდი ზიანი მიაყენა.
სტიქიის შედეგად, გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ჩამოვარდნილია ჯვარი , დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის სარკმლები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, დაზიანებულია გარშემო ინფრასტრუქტურა და ახლოს მყოფი მსუბუქი ავტომობილები.
ალავერდის მონასტერი VI საუკუნეში ერთ- ერთმა ასურელმა მამამ, იოსებ ალავერდელმა დაარსა.XI საუკუნიდან კი, ალავერდი საეპისკოპოსო ცენტრი და მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო.