„მგზავრები“ აპარტოტელების ბიზნესიდან გავიდა – მიზეზები

კომპანია „მგზავრები“ აპარტოტელებს აღარ აშენებს. ბიზნესჯგუფი, რომელმაც აპაროტელების მშენებლობა 2008 წელს დან დაიწყო, შემდეგ კი ბაკურიანსა და გონიოში განავითარა, დღეს კურორტებზე დიდი რაოდენობით აპარტამენტების პროექტების განხორციელების წინააღმდეგია. აპარტოტელების ბიზნესიდან გასვლის გადაწყვეტილების შესახებ გადაცემა #რედაქტ2-ში კომპანიის დამფუძნებელმა დავით ცერცვაძემ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, დღეს „მგზავრების ჯგუფის“ მართვის ქვეშ ბათუმსა და გუდაურში არსებული სასტუმროები „ბულვარ საიდი“, „გუდაური ლოფტი“ და „როშე გუდაური“ ერთიანდებიან, ამასთან მიმდინარე პროექტებშია „მგზავრების უბანი საგურამოში“.
„ჩვენ აპარტამენტებს აღარ ვაშენებთ, რადგან აღარ მოგვწონს. აპარტამენტების მიწოდების მასშტაბები იმდენად გაიზარდა ბათუმში, ბაკურიანში, გუდაურში, რომ ეს იდეურად აფუჭებს კურორტის ხარისხს. კურორტის განვითარებისას თავიდანვე დაგეგმილი უნდა იყოს, რომ კურორტზე მაგალითისთვის 80% სასტუმროების იყო, აპარტოტელები 30%-მდე. ჩვენთან აპარტამენტების სიჭარბეა, თან როგორც კეთდება – პარკინგები არ აქვთ, სივრცეები არ არის. ბათუმის შემთხვევა რომ ავიღოთ, გამოდის რომ ეს დაბალბიუჯეტიან სტუმრებისთვის კეთდება, იმიტომ ასეთი მაღალი კონკურენცია სასტუმროების მუშაობას უშლის ხელს, აპარტოტელებს კი ერთმანეთში კონკურენცია იმდენად ამცირებს ფასებს, რომ მაღალბიუჯეტიანი მომხმარებელი აქ აღარ ჩამოდის. წარმოიდგინეთ, გერმანელი, ევროპელი ტურისტი ჩამოდის ბათუმში, დგას საცობებში, შემდეგ ერთი საათი შეიძლება ლიფტის რიგში იდგეს, მაშინ როდესაც დასასვენებლად ევროპაში არსებულ საზღვაო კურორტებზე შეუძლია წასვლა. მე რომ მკითხოთ, აპარტამენტების მშენებლობას ამ კურორტებზე [ბათუმი, ბაკურიანი, გუდაური] ავკრძალავდი. შესაბამისად, ჩვენ აპარტამენტებს აღარ ვაშენებთ და მართვაშიც არ ვრჩებით. აპარტამენტებში მენეჯმენტში პრემიუმ კლასს ვერ აღწევ“, – აცხადებს დავით ცერცვაძე და დასძენს: „ჩემი აზრით, საქართველოს პრემიუმ კლასის კურორტად განვითარების რესურსი აქვს, შეეხება ეს მეღვინეობას, თუ სტუმარმასპინძლობას. ჩვენც ისე უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, რომ პრემიუმ კლასს შევუსაბამოთ“.