მბაპე საფრანგეთის არჩევნების პირველ ტურს კატასტროფულს უწოდებს

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი კილიან მბაპე საფრანგეთის ს პირველი ტურის შედეგებს, რომელშიც მარი ლე პენის ულტრა-მემარჯვენე და ანტისაემიგრაციო პოლიტიკის მქონე პარტია ლიდერობს, კატასტროფულად აფასებს.
ნაკრების კაპიტანმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიასთან გასამართი მატჩისთვის ემზადება, მოუწოდა ფრანგულ საზოგადოებას, წავიდნენ არჩევნებზე:
„ეს გადაუდებელი ვითარებაა, ვერ მივცემთ უფლებას ამ ხალხს, ჩვენი ქვეყანა ხელში ჩაიგდოს“ — თქვა მბაპემ მედიასთან ჰამბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე და საფრანგეთის მოქალაქეებს მობილიზაციისა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რომელიც კვირას გაიმართება.
მბაპემ ახალგაზრდებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი არიან თაობის წარმომადგენლები, რომლებსაც ცვლილებების მოხდენა და ქვეყნის მომავლის განსაზღვრა შეუძლიათ.
კილიან მბაპეს, რომლის ოჯახიც ალჟირიდან და კამერუნიდანაა, უპასუხა „ეროვნული ერთობის“ ლიდერმა მარი ლე პენმა და განაცხადა, რომ კილიან მბაპე არ წარმოადგენს ემიგრანტების ხმას:
„მათი უმეტესობა მინიმალურ ხელფასზე ცხოვრობს, ვერ ყიდულობენ სახლებს და ვერ წვდებიან კომუნალური გადასახადების გადახდას, მეორე მხარეს არიან ადამიანები, როგორიც ბატონი მბაპეა“ — თქვა ლე პენმა და დასძინა, რომ „ფრანგ ხალხს ყელში ამოუვიდა ლექციები, თუ ვის უნდა მისცენ ხმა“.
საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ რაუნდში მარი ლე პენის პარტია „ეროვნული ერთობა” ლიდერობს. როგორც BBC წერს, „ეროვნულ ერთობას“ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ხმათა 33.1% აქვს, მას მემარცხენე ალიანსი მოსდევს (28%), პრეზიდენტ მაკრონის გუნდმა კი 20.76% მიიღო.
BBC წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ულტრამემარჯვენე პარტიამ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ რაუნდში ხმათა უმრავლესობის მოპოვება შეძლო. ახლა ლე პენისა და ბარდელას მიზანი პარლამენტში 577 მანდატიდან 289-ის მოპოვებაა, რაც მათ უმრავლესობის დაკომპლექტების შესაძლებლობას მისცემს, თუმცა წინ არჩევნების მეორე რაუნდია, რომელიც 7 ივლისს უნდა გაიმართოს.

ასევე დაგაინტერესებთ