მაჰსა ამინის ოჯახის ადვოკატს ირანის უსაფრთხოების ძალებმა სახაროვის პრემიის დიპლომი წაართვეს

მაჰსა ამინის ოჯახის ადვოკატი, სალეჰ ნიკბახტი ირანის უსაფრთხოების ძალებმა აეროპორტში დაკითხეს და ევროპარლამენტისგან მიღებული სახაროვის პრემიის დიპლომი ძალის გამოყენებით წაართვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი Hengaw ავრცელებს.
მოხსენების თანახმად, 2023 წლის 22 დეკემბერს, პარასკევს საღამოს, თეირანის ხომეინის აეროპორტში განლაგებულმა უშიშროების ძალებმა ადვოკატს სახაროვის პრემიასთან ერთად პასპორტი და მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.
ევროპარლამენტის ანდრეი სახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ მიენიჭა. პრემიის მისაღებად საფრანგეთში მისი ოჯახი უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა მათ ირანის ისლამური რესპუბლიკის ოფიციალურმა პირებმა გამგზავრების უფლება არ მისცეს. რის გამოც ოჯახის წევრების ნაცვლად, სტრასბურგში დაჯილდოების ცერემონიალზე ოჯახის ადვოკატები მივიდნენ.
22 წლის მაჰსა ამინი გასული წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც “მორალის პოლიციამ” დააკავა ისლამური რესპუბლიკის სავალდებულო ჩაცმულობის კოდექსის სავარაუდო დარღვევისთვის. მის გარდაცვალებას მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი მოჰყვა, რომელსაც ხელისუფლება ხშირად ძალადობრივად შლიდა.