მახაშვილი პოლონელ კოლეგებს: თქვენი გადაწყვეტილება ძირს უთხრის დიალოგის სულისკვეთებას

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი პოლონეთის სეიმის წევრს, აგნიეშკა პომასკას და სენატის თავმჯდომარეს, ტომაშ გროდსკის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიმართავს.
მახაშვილი წერილში “შეშფოთებულია” გადაწყვეტილებით, რითაც COSAC-ის კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის მიწვევა გაუუქმდა.
“გამოვხატავ ჩემს ღრმა შეშფოთებას ამ გადაწყვეტილების გამო, რადგან ის ძირს უთხრის დიალოგისა და თანამშრომლობის სულისკვეთებას – ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია მის ხელშეკრულებებში და COSAC-ის რეგლამენტის 1-ელ მუხლში.
აგრეთვე, თქვენი გადაწყვეტილება COSAC-ის მომავალი ღონისძიებებისთვის ქმნის პრობლემურ ინსტიტუციურ პრეცედენტს. საქართველომ შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობისთვის, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე, 2014 წლიდან ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას. ახალი მოწვევის საქართველოს პარლამენტი კი მტკიცედ აგრძელებს ამ პროცესს, რაც უზრუნველყოფს საქართველოს უკეთეს მზადყოფნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის, მათი გახსნისთანავე” – წერს მახაშვილი.
ის ამ გადაწყვეტილებას “დასანანს” უწოდებს და ამტკიცებს, რომ მოწვევის გაუქმება ” რისკის ქვეშ აყენებს კონსტრუქციულ დიალოგს”.
“შეშფოთებით მივიღე თქვენი წერილი, ვინაიდან თქვენი გადაწყვეტილება რისკის ქვეშ აყენებს კონსტრუქციულ დიალოგს და უფრო მეტად ამწვავებს არსებულ სიტუაციას, ასევე, უარყოფითად მოქმედებს თავმჯდომარე ქვეყნის – პოლონეთის – ავტორიტეტზე, სანდოობასა და ლიდერობაზე. ის ასევე შეიძლება გახდეს პრობლემური პრეცედენტი COSAC-ის მომავალი საქმიანობისთვის. ამ შესაძლებლობების გაწყვეტა მხოლოდ მეტ დაბრკოლებებს უქმნის თანამშრომლობას და COSAC-ის ინსტიტუციურ განვითარებას.
ძვირფასო კოლეგებო, დასანანია თქვენი გადაწყვეტილება, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მე ღია ვარ შინაარსიანი დისკუსიებისთვის ორმხრივ ან მრავალმხრივ ფორმატებში, რათა ვიმსჯელოთ ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტებით და არა უსაფუძვლო ბრალდებებითა და აღქმებით. ასევე, იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ მომავალში ერთად მუშაობის გაგრძელებას კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებით, ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ დროს ჩვენი ქვეყნებისა და ერებისთვის ერთობლივი დადებითი შედეგების მისაღწევად”- წერს მახაშვილი.
13 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა ვარშავაში, EU-ის პარლამენტთა ევროკავშირის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაზე (COSAC), საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის მიწვევა გააუქმა.