„ქართული ოცნების“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს („MEGOBARI Act“) პროვოკაციულ „რეზოლუციას“ უწოდებს და იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას ხელს არ მოაწერს.
„აღნიშნული ე.წ. მეგობრობის აქტი ყველაფერია, გარდა მეგობრობისა. ჩვენ ეს ვახსენეთ არაერთხელ, რომ იგი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ხედვას საქართველოსა და რეგიონთან დაკავშირებით“, — განაცხადა მახაშვილმა.
მისი თქმით, თუ „მეგობარი აქტი“ თეორიულად შევა ძალაში, იგი მნიშვნელოვნად დააზიანებს აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს და „სწორედ ესეც არის გათვლა იმ არაფორმალური ძალების და გავლენების, რომლებმაც ინერციით მაინც გაიტანეს ქვედა პალატაში“.
„საბოლოო ჯამში, რამდენიმე ეტაპი კიდევ არის დარჩენილი, სანამ თეორიულად შევა ძალაში, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს ამ პროვოკაციულ რეზოლუციას და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში დაამარცხოს ე.წ. დიფ სთეითი“, — განაცხადა მახაშვილმა.
„ქართული ოცნების“ შეთქმულების, თითქოს არსებობს გლობალურო ომის პარტია ან/და „დიფ სთეითი“, რომელიც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას ცდილობს. ამ შეთქმულებით ხსნის „ოცნება“ კრიტიკას ევროინტეგრაციის შეჩერებას, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან გაფუჭებულ ურთიერთობებს და მათ კრიტიკას, რაც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას მოჰყვა.
ცნობისთვის, რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა, განსხვავებით კანონისგან, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად. „მეგობარი აქტი“ არის კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. კანონპროექტის ძალაში შესასვლელად საჭიროა კონგრესის ზედა პალატის — სენატის მხარდაჭერა და აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერა. სენატში კანონპროექტი რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა და დემოკრატმა ჯინ შაჰინმა წარადგინეს.
„მეგობარი აქტი“ თავდაპირველად წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა 2024 წლის მაისში, იმ დროს წარადგინა, როცა „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს იღებდა. მცირე ცვლილებებით, ის 2025 წლის იანვარშიც წარადგინეს ხელმეორედ და 5 მაისს მიიღეს.
წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტის ოფიციალური სახელია „ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“. მოკლე სათაური, MEGOBARI Act (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act) კი იშიფრება, როგორც ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის ასამაღლებლად, საქართველოს შესაძლებლობების მობილიზება და გაძლიერების აქტი.
კანონპროექტი ითვალისწინებს სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.
მათ შორის, კანონპროექტი ავალდებულებს აშშ-ის პრეზიდენტს, თუ დაადგენს, რომ შეგნებულად ჩაიდინეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვისკენ მიმართული კორუფციული ქმედებები ან ძალადობის აქტები, სანქციები დაუწესოს:
ნებისმიერი პირს, რომელიც მსახურობდა საქართველოს პარლამენტის წევრად ან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პარტიის მაღალი თანამდებობის პირად 2014 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ;
ნებისმიერი პირს, რომელიც ამჟამად წარმოადგენს საქართველოს მთავრობას ხელმძღვანელ პოზიციაზე;
ამ პირების უახლოესი ოჯახის წევრებს, რომლებიც სარგებელს იღებდნენ მათი ქმედებებიდან.
· ჰელსინკის კომისია MEGOBARI აქტის მიღებას ეხმაურება
· აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა
· დღეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტს“ განიხილავენ
