ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი, პარტია ხალხის ძალის წევრი გურამ მაჭარაშვილი ქართული ოცნების მიერ უცხოელი აგენტების რუსული კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებას ეხმიანება და ამბობს, რომ “მუქარები აღარ გაუვათ და ამ კანონს მივიღებთ”.
“იმის შემდეგ მიიღო ევროპარლამენტმა, საფრანგეთმა და კანადამ. ზუსტად იგივე სახელწოდებით, როგორიც მაშინაც იყო და ახლაც არის ევროპარლამენტში ეს კანონი, რომელსაც იღებენ და ჰქვია “უცხოური გავლენისგან თავდასაცავად და გამჭვირვალობის შესახებ კანონი”.
საზოგადოებამ ნახა პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა, სადაც მან აღნიშნა, რომ დონორი ორგანიზაციები უარს ეუბნებიან პარლამენტის თავმჯდომარეს, უთხრან ამ დონორი ორგანიზაციების ფული ქართულ ენჯეოებში რისთვის ირიცხება. წარმოიდგინეთ უტიფრობა და თავხედობა – ამბობენ, რომ გამჭვირვალეა მათი საქმიანობა, ფინანსები და ამ დროს პარლამენტის თავმჯდომარეს ეუბნებიან, რომ არ მისცემენ იმ პროექტების სიას, რომელსაც აფინანსებს მათ შორის ევროპის განვითარების ფონდი. ეს არის რეალურად მათი სახე. ასე რომ, მუქარები აღარ გაუვათ და ამ კანონს მივიღებთ”. – თქვა მაჭარაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი ხელახლა დააინიცირა. უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, “უცხოური გავლენის აგენტი” ჩანაცვლდა ტერმინით – “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.