მაჭავარიანი: რთულია ამ ადამიანების მოთოკვა, ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია ღირსება

ძალიან რთულია ამ ადამიანების მოთოკვა, ვინაიდან ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია ღირსება, – ასე აფასებს 8 სექტემბერს კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას კალაძის შტაბის უფროსი ლევან მაჭავარიანი.
“აქ არის “ქართული ოცნების” თბილისი საარჩევნო შტაბი, სადაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და იკრიბება ძალიან ბევრი ხალხი, ჩემი თაობა, ჩემზე პატარა და დიდი თაობა, კაცები, ქალები, გოგოები, ბიჭები და მიდის ძალიან აქტიური მუშაობა. დაგეგმილად მოდის ის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა და არიან ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები საქართველოში, აორგანიზებენ კარგად გააზრებულ პროვოკაცია შტაბის წინ. ამ შტაბში იმყოფება ძალიან ბევრი ადამიანი და შესაბამისად ძალიან რთულია ამ ადამიანების მოთოკვა, ვინაიდან ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია ღირსება და როდესაც ეხებიან შენს ღირსებას და ამას აკეთებენ გამიზნულად, რაღაც საშინელი სიტყვებით ხდება შეძახილები, ძალიან რთულია შტაბში მყოფი ადამიანების მოთოკვა, მიუხედავად იმისა, რომ ამით ვართ დაკავებული. დღეს რა რაოდენობის ახალგაზრდებიც გარეთ გავიდნენ, ხუთჯერ მეტი შტაბში იმყოფებოდა აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ დაკავებული ვიყავით მოთოკვით და რაღაცნაირად გავაჩერეთ შტაბში, მაგრამ ძალიან რთულია ეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ ყველა ჩვენ მხარდამჭერს, რომ თავი შეიკავოთ, ვინაიდან ეს პირდაპირ გამიზნულია და ემსახურება მათ დღის წესრიგს. ამით უნდათ, რომ დუღილის ტემპერატურა აწიონ”, — განაცხადა ლევან მაჭავარიანმა (კომენტარს IPN ავრცელებს).
გუშინ, 8 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, “ოცნების” მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ იქ შეკრებილ მოქალაქეებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს. ე.წ. ტიტუშკებმა იძალადეს “პუბლიკის”, “ნეტგაზეთის” და ასევე უნგრელ ჟურნალისტ ლასლო მეზეშზე. ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. ამ დრომდე არც ერთი მოძალადე დაკავებული არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლოთ დაიწყო.