მაშინდელი ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ ჩორჩანას საგუშაგოზე 6 წლის შემდეგ, მედიით გაიგო

ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს აშენების შესახებ რამდენიმე კვირის წინ, მედიით გაიგო. ეს განცხადება მან პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ გააკეთა.
“ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები. მე განვუმარტე, რაც იყო რეალობა. ანუ, ჩემთვის უცნობია ეს მოვლენა. მე ამის შესახებ გავიგე ტელევიზიებით, სულ რამდენიმე კვირაა. რაც გააქტიურდა ეს საკითხი. მანამდე წარმოდგენა არ მქონდა”, – განაცხადა მაჭავარიანმა
მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრი იყო 2018-2021 წლებში. სწორედ მისი მინისტრობის დროს, 2019 წელს აშენდა საგუშაგო ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ.
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აშენებული საგუშაგოს შესახებ დისკუსია 6 წლის შემდეგ კვლავ განახლდა. ყველაფერი დაიწყო “ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიით, სადაც ექსპრემიერ გიორგი გახარიას ამის შესახებ კითხვები დაუსვეს. გახარია მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) საგუშაგოს გახსნის შესახებ ოსებისგან შეიტყო. ის და კომისიის სხვა წევრები გახარიას ედავებოდნენ, რომ მან საგუშაგო თვითნებურად გახსნა, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია.
„კიდევ კარგი, რომ ომის დაწყებას არ მაბრალებთ. ისეთი ტემპით მიდიხართ, რომ ომის დაწყებას დამაბრალებთ“, — განაცხადა გახარიამ სხდომაზე, რომელიც 14 აპრილს გაიმართა.
ზუსტად ორ თვეში ცნობილი გახდა, რომ გენერალური პროკურატურა იკვლევს ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხს გამოძიების ფარგლებში, რომელიც ეხება:
· “საბოტაჟს;
· დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას;
· უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას;
· საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.
გამოძიების ფარგლებში არაერთი ყოფილი თანამდებობის პირი დაიბარეს. მათ შორის, ვახტანგ გომელაური, რომელიც მაშინ სუს-ის უფროსი იყო და მაია ცქიტიშვილი, რომელიც მაშინ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით “ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილ კომისიაზე გიორგი გახარია ხელმეორედ დაიბარეს. მან სხდომაში მონაწილეობა დისტანციურად მიიღო იმ მოტივით, რომ საქართველოში არ იმყოფება.
გიორგი გახარიამ ვრცლად ისაუბრა, თუ რატომ გახდა საჭირო საგუშაგოების გახსნა ქართული მხრიდან. გახარია ირწმუნება, რომ გეგმის მიხედვით მიმდებარე ტერიტორიაზე ჯამში 7 საგუშაგო უნდა გახსნილიყო და ამის შესახებ ინფორმირებული იყო ვახტანგ გომელაურიც. მალევე გახარია შსს-ს მინისტრობიდან პრემიერობამდე დააწინაურეს, შსს კი ვახტანგ გომელაურს ჩააბარეს.
“ამ პერიოდში, როგორღაც გასაოცრად, ის საგუშაგოები იმ კოორდინატებზე, სადაც უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები, აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის საგუშაგოები”, – განაცხადა გახარიამ.
მან „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, შექმნას კიდევ ერთი კომისია, რომელიც გამოიძიებს, რა მოხდა ჩორჩანის ტერიტორიაზე და რატომ მოხდა ის, რომ საქართველოს მიერ შემუშავებული გეგმით გათვალისწინებული საგუშაგოები რუსებმა ჩადგეს.
ამავე თემაზე:
· რას ამბობდა სუსი 2019 წელს ჩორჩანის საგუშაგოზე?
· როგორ გაიხსნა ჩორჩანას საგუშაგო, რის გამოც გახარია შესაძლოა დააკავონ – ინტერვიუ შაიშმელაშვილთან

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ერთმა სთქვა: მაღიარეთ, რაც გაგაჩნიათ, ღირსება, რეპუტაცია და სინდისი, ჩამაბარეთ და გაგათავისუფლებთო, მონობისათვის! – ცოტა რუსული „კგბ-შნიკური“ სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, ურიგო არ იქნება