მაშველებმა სოფელ როშკასთან თოვლში ჩარჩენილი 90-მდე ადამიანი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მოსული უხვი ნალექის შედეგად, გზის გაგრძელებას 30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება ვერ ახერხებდა, სადაც 90-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
„ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეცტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქის უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხერხდა. მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება“,-აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.