მაღაროელების თქმით, კომპანიასთან შეთანხმება შედგა

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების განცხადებით, ხუთდღიანი პროტესტის შემდეგ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქგვერდზე “მაღაროელი” გავრცელდა.
“ვინც თვალს ადევნებდით მიმდინარე მოვლენებს, გეცოდინებათ რა პროცესები იყო გასული 5 დღის განმავლობაში. გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია, ჩვენმა შრომამ სოლიდარობამ და მხარდაჭერამ შედეგები გამოიღო, სამართლიანობამ იზეიმა შეთანხმება შედგა.”, – წერია განცხადებაში.
ფეისბუქჩართვის დროს ერთ-ერთმა მაღაროელმა თქვა, რომ მათ მოთხოვნებს კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” უახლოეს თვეებში შეასრულებს.
“რაღაც დრო არის აღებული, რათა სრულყოფილებაში მოვიდეს ეს ყველაფერი. დარკვეთის მაღარო 3 იანვრიდან გადავა 12-საათიან გრაფიკზე; ამავე დროს, პირველი თებერვლიდან გასწორდება ხელფასების სხვაობა და გაუთანაბრდება დანარჩენ 12-საათიან მომუშავეებს; ასევე, 8-საათიან გრაფიკზე მომუშავეთა საათობრივი ანაზღაურება ნაკლებია 12-საათიან გრაფიკზე მომუშავეებთან შედარებით, რაც გაღიზიანებას იწვევდა დასაქმებულებში, ესეც გასათანაბრებელი იყო. მივედით იმ შედეგამდე, რომ კომპანიამ გვთხოვა გაეთვალისწინებინა კრიზისი, ე.წ. გაჭირვება და მიგვეცა 6 თვე. პირველ ივნისს იმ ადამიანების ხელფასიც გადაიხედება, სატარიფო გაუთანაბრდება საათობრივი ანაზღაურებით 12-საათიან მომუშავეებს.”, – თქვა მან.
ჭიათურაში დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები გაფიცული იყვნენ და უარს ამბობდნენ სამუშაოს შესრულებაზე. შედეგად, გაჩერდა 13 მაღარო.
მაღაროელების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადასვლაა – ეს თვეში 15 დღე მუშაობას გულისხმობს. მაღაროელები ანაზღაურების გაზრდასაც მოითხოვენ, თუმცა, ისინი აცხადებდნენ, რომ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობდა.