ჩვენი წევრი კომპანიების მეშვეობით შესაძლებელია რიგი ქმედებების განხორციელება. პირველი ეს არის – მაღალმთიან სოფლებში მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ხელოვნური საკვების მიწოდება, – ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციის ფარგლებში, აღნიშნული პროდუქციის მიწოდება მუნიციპალიტეტების დონეზე მოხდება და შემდგომ ოჯახებს გადაეცემათ.
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზოგადად, დიდ ქალაქებში სასურსათო მარაგის კუთხით პრობლემები, ამ ეტაპზე, არ დგას.
“არის სასაწყობე ფართებიც, სადაც პროდუქცია ფიზიკურად განთავსებულია. რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებში სოფლებში მომარაგებას – ადგილობრივ დონეზე ორგანიზდებოდა მომარაგება. ეს გულისხმობს იმას, რომ მუნიციპალიტეტებში აწვდიდნენ პროდუქციას და შემდეგ მცირე მეწარმეები ანაწილებდნენ. ამ კუთხით სხვადასხვა კომპანია, რომელიც ოპერირებს რეგიონებში ვთხოვეთ ინფორმაციის მოწოდება, თუ რა ვითარებაა და მათ შორის, ჩვენც გარკვეული ტიპის ღონისძიებებს ვგეგმავთ”, – აცხადებს ლაშა რიჟამაძე.
ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღეა თოვს. უხვი ნალექის გამო, მოსახლეობის ნაწილს გადაადგილებაზე, წყალმომარაგებასა და ელექტროენერგიაზე გარკვეული პრობლემები შეექმნა.
bp.ge
