მაღალმთიან დასახლებებში ფერმერული მეურნეობები, სახელმწიფოსაგან სუბსიდიებს მიიღებენ – მთავრობის სტრატეგია

„მაღალმთიანი დასახლებების შინამეურნეობები, მათ შორის როგორც წვრილი, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობები, სახელმწიფოსაგან მიიღებენ სხვადასხვა სახის სუბსიდიებს, ისარგებლებენ საკრედიტო-საშეღავათო სესხებით ისეთი სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური პროექტებისათვის, რომლებიც მთის თემების ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული“,- ამის შესახებ მთვარობის „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024 − 2030 წლების სტრატეგია, 2024 − 2026 წლების სამოქმედო გეგმაშია“ საუბარი.
შესაბამის დადგენილებაში, რომელიც მთავრობამ უკვე გამოსცა, აღნიშნულია, რომ მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო დაეხმარება სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი პროდუქციის, განსაკუთრებით მთის ტრადიციული ნიშური პროდუქციის წარმოებას თუ არსებული წარმოების გაფართოებას.
„მთის ნიშური პროდუქციის წარმოების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბაზარზე ასეთ პროდუქციაზე არსებული მაღალი მოთხოვნის გამო, არამედ ადგილობრივებისათვის საამაყო პროდუქტების მხარდაჭერის გზით მთაში ცხოვრებისა და მუშაობის მიმზიდველობისთვის.
სხვა ქვეყნების გამოცდილებით, მაღალმთიანი დასახლებების შინამეურნეობები, მათ შორის როგორც წვრილი, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობები, სახელმწიფოსაგან მიიღებენ სხვადასხვა სახის სუბსიდიებს, ისარგებლებენ საკრედიტო-საშეღავათო სესხებით ისეთი სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური პროექტებისათვის, რომლებიც მთის თემების ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
მთაში მესაქონლეობას ხელი შეეწყობა საძოვრებით. „ალპური საძოვრების სუბსიდირების სქემამ“ აჩვენა, რომ შვეიცარიასა და ავსტრიაში, საძოვრების ეკონომიკური გამოყენება წარმატებული ინსტრუმენტია მთის საძოვრებზე მეცხოველეობის ტრადიციის შესანარჩუნებლად,“- აღნიშნულია სტრატეგიაში.
ცნობისთვის, „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024 − 2030 წლების სტრატეგია, 2024 − 2026 წლების სამოქმედო გეგმა“ დამტკიცებულია. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა, სადაც იმ გამოწვევების შესახებ არის საუბარი, რომლის წინაშეც მაღალმთიანი რეგიონები დგას.
დოკუმენტში კონკრეტულ გეგმაზე საუბარი არ არის, თუმცა, ჩამოთვლილია რეგიონები, სადაც ტურისტული სერვისების მოწყობა და განვითარება იგეგმება. ასეთებია: მთიულეთი, გუდამაყარი, ფშავ-ხევსურეთი, ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და სხვა.
„საქართველოს მთის ადგილობრივი რესურსების კონტექსტში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა ტურიზმი და დასასვენებელი სერვისები. მთა ასოცირდება ცხოვრების ხარისხის ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებთან, როგორიცაა ბუნებასთან სიახლოვე, სუფთა ჰაერი, სიმშვიდე, თვალწარმტაცი ხედები და ლანდშაფტი. საქართველოს მთიანეთი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას მდგრადი სამთო, ეკო, გასტრო, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებისთვის ისე, რომ ამავდროულად, დაცულ იქნეს უნიკალური ლანდშაფტი. საერთაშორისო კონტექსტში, ალპების მაგალითზე ევროპის გამოცდილებამ აჩვენა სამთო ტურიზმის ეკონომიკური მნიშვნელობა.
დემოგრაფიული და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მდგომი მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისთვის, იმ მუნიციპალიტეტებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც ტურისტული აქტივობა შედარებით დაბალია, სახელმწიფო შეეცდება აქ არსებული უნიკალური ბუნებრივი შესაძლებლობების გამოყენებას ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, პოპულარიზაციის, მოსახლეობის უნარების ამაღლებისა და ფინანსური ხელმისაწვდომის გაზრდის მეშვეობით. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ისეთ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებზე, როგორიცაა მთიულეთი, გუდამაყარი, ფშავ-ხევსურეთი, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, აგრეთვე, ტურისტულად ნაკლებად განვითარებულ არეალებზე, მაღალმთიანი აჭარისა და გურიის, ხევის, თუშეთის, ასევე შიდა ქართლის და ქვემო ქართლის ცალკეული მაღალმთიანი დასახლებების მქონე მუნიციპალიტეტებში, ადმინისტრაციულ ერთეულებსა და დასახლებებში,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.
წყარო: bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ