მაღალი მინიმალური ხელფასის დაწესება ინფლაციასა და უმუშევრობას გამოიწვევს – ეკონომისტი
„რატომ ათასი? მოდით, მინიმალურ ხელფასად 2 ათასი დავაწესოთ, 3 ათასი კიდევ უფრო უმჯობესია“, – ასე ეხმაურება ეკონომისტი აკაკი ცომაია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატ სოფო ხორგუანის წინადადებას, ხელფასის მინიმალური ზღვარი კანონით დადგინდეს და 1000 ლარით განისაზღვროს.
აკაკი ცომაია რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას განმარტავს, რომ მაღალი მინიმალური ხელფასის დაწესება საკმაოდ რთულ შედეგებს გამოიწვევს, მათ შორის, ეკონომისტი ინფლაციასა და უმუშევრობის დონის ზრდას ასახელებს.
„მინიმალური ხელფასის თემა არახალია და ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. მომხრეებს აქვთ არგუმენტი, რომ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ყველგან არსებობს მინიმალური ხელფასი. თუმცა, ეკონომიკური თეორია მინიმალური ხელფასის შესახებ ამბობს, რომ მთლიანობაში ორი სავარაუდო შედეგი დგება: ეს არის ინფლაცია – ფასების დონე გაიზრდება და მეორე – უმუშევრობის დონე მოიმატებს. როგორც წესი, მინიმალური ხელფასი ეხება საზოგადოების დიდ ნაწილს: დისტრიბუტორებს, მოლარეებს, კონსულტანტებს. ცხადია, ფირმები და ორგანიზაციები შემუშავებული პოლიტიკის მიმართ შესაბამის რეაგირებას ახდენენ. შედეგად, ბევრ ადამიანს მოუწევს სამსახურის დატოვება.
მეორე მხრივ, შესაძლებელია, ურთიერთობა ჩრდილში გადავიდეს, რასაც მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც ვხედავთ. ამდენად, ეს არის მხოლოდ პოპულისტური პოლიტიკური მესიჯი, რადგან ბევრ ადამიანს არ ესმის, როგორ ფუნქციონირებს ეკონომიკა, რომელშიც არანაირი ლოგიკა არ არის“, – განაცხადა რადიო „კომერსანტის“ ეთერში ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ.




