მაღალი კონკურენციის გამო, ქართულ მარწყვზე დაბალ ფასს ველოდებით – „მარწყვილენდი“

მიმდინარე წელს, ლაგოდეხის რაიონში მდებარე მარწყვის მეურნეობა, “მარწყვილენდი” პროფილს იცვლის და ღია გრუნტის ნაცვლად, დახურულ გრუნტში გადასვლას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს მეურნეობის დამფუძნებელმა ზოია წიწილაშვილმა განუცხადა.
მისი ცნობით, მარწყვის ბაღები ფერმერმა ლაგოდეხის რაიონში, სოფელ ლელიანში ოთხი წლის წინ, 10 000 ლარის ინვესტიციით გააშენა და ამ დროისთვის, მეურნეობა 1 ჰა მიწის ფართობს მოიცავს.
მეურნეობის დამფუძნებლის შეფასებით, გასული წელი კლიმატური პირობების გამო ძალიან ცუდი იყო, რის გამოც წარმოების ღია გრუნტიდან დახურულ გრუნტზე გადასვლას გეგმავენ.
„გასული წელი კლიმატური პირობების გამო ნაკლებად წარმატებული იყო. რამდენჯერმე სეტყვა და ქარიშხალი იყო, რამაც მეურნეობები მნიშვნელოვნად დააზიანა.
მეურნეობა დაზღვეული არ გვქონია და შესაბამისად, ზარალის ანაზღაურება არ მომხდარა. მარწყვი სხვა მეურნეობებთან შედარებით სტრესიდან მარტივად გამოდის და მისი აღდგენის პროცესი უფრო მალე ხდება. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიები როდესაც მეურნეობაზე მოვლენ, სავარაუდოა, რომ იმ დროისთვის ბაღი ვიზუალურად უკვე აღდგენილი იყოს და ნასეტყვი არ ეტყობოდეს.
ყველა სტანდარტის დაცვით მარწყვის წარმოება საკმაოდ რთულია ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუ გავითვალისწინებთ რა ღირს ნერგი და რა ფასად არის მასზე მოთხოვნა, მაგ ფასად მარწყვის გაყიდვა შეუძლებელია,“-აცხადებს წიწილაშვილი.
მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის იმპორტირებული მარწყვის ღირებულება 10 ლარით განისაზღვრება, თუმცა გასული წლის გამოცდილებით, ფასის მკვეთრი კლებაა მოსალოდნელი.
„იმპორტირებული მარწყვი რა თქმა უნდა ჩვენს გაყიდვებზეც აისახება. თურქული მარწყვი ქვეყანაში მაისამდე შემოდის, შემდეგ უკვე კახური მარწყვის რეალიზაცია იწყება. თუ ადრე ორ კვირიანი შუალედი გვქონდა, როდესაც ქართული მარწყვის 8-9 ლარად გაყიდვა შეგვეძლო, ახლა პროდუქციის რეალიზაციას პირდაპირ 4-5 ლარიდან ვიწყებთ, რადგან მარწყვის ბაღები უკვე ძალიან ბევრმა გააშენა და კონკურენცია დიდია.
ჩვენ გეგმა შევიცვალეთ და კლიმატური პრობლემებისგან თავის დაზღვევის მიზნით, გაფართოების ნაცვლად, წელს მეურნეობის დახურულ გრუნტში გადატანას ვგეგმავთ. რისთვისაც საინვესტიციოდ დაახლოებით 30 000 ლარია საჭირო, რაც მხოლოდ პატარა სათბურს ეყოფა, გათბობის გარეშე. რეალურად, კუსტარულად, ჩვენი რესურსებით რომ ავაწყოთ, უფრო დიდი მოცულობის სათბურს გავაკეთებდით, მაგრამ შესაბამისი სტანდარტები დაცული არ იქნება,“-განმარტავს მეურნეობის დამფუძნებელი.
მისი პროგნოზით, მიმდინარე წელს, ქართული მარწყვის საბაზრო ფასი 4-5 ლარი იქნება და ეს მის ხარისხზე იქნება დამოკიდებული.