საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, ვარშავაში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა არაფორმალურ სამიტზე მაკა ბოჭორიშვილი მიწვეული არ იყო, რადგან ევროკავშირმა არსებული კრიზისის გამო საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის კონტაქტები შეაჩერა.
ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ჟურნალისტებს ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განუცხადა.
როგორც პეტერ ფიშერი აცხადებს, ყველამ იცის რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს და საქართველოს გადასაწყვეტია სურს თუ არა გაერთიანების წევრობა.
„ევროპა არის მეგობრობა და სოლიდარობა და ჩვენ გვსურს დღეს ეს ვიზეიმოთ. რაც შეეხება ვარშავას, გასული წლის ივლისში ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ შეეჩერებინა საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის კონტაქტები, სანამ ის არსებულ კრიზისს არ მოაგვარებს. ყველამ იცის რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. იმედი მაქვს ეს მოხდება და მომავალში ვიქნებით ერთად, ერთ კავშირში. იმედი მაქვს, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, მის ხალხთან ერთად შეძლებს გზაზე დაბრუნებას. ეს ჩვენი იმედია, მაგრამ ეს საქართველოს გადასაწყვეტია და რა არის საქართველო? ეს არის ქართველი ხალხი. ჩვენ შემოგთავაზეთ კანდიდატობა, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა [„ფორმულას თარგმანი]
საქართველო არ მიიწვიეს პოლონეთში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა არაფორმალურ სამიტზე.
ამ შეხვედრაზე, რომელიც ვარშავაში გაიმართა, ყველა სხვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა იყო მიწვეული, მათ შორის თურქეთი. მეტიც, სამიტს ესწრებოდა კოსოვო, რომელიც საერთოდ არაა კანდიდატი ქვეყანა, თუმცა EU-ის პოტენციურ წევრად მოიაზრება. კოსოვოს დამოუკიდებლობას ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, არ აღიარებს.
ზემოხსენებული სამიტი ორდღიანი იყო და ევროკავშირის პრეზიდენტ ქვეყანაში, პოლონეთში 7 და 8 მაისს გაიმართა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა სამიტში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები და პოტენციური კანდიდატებიც.
