“მაღაზიებში მომხმარებლის შემოდინებას აღვრიცხავთ და საკმაოდ შემცირებულია“ – ICR ჯგუფი

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ბიზნესმენ კახა ხაზარაძის შეფასებით, 2025 წლის პირველი კვარტალი საცალო ბიზნესისთვის საკმაოდ რთული იყო და ვარაუდობს, რომ მეორე კვარტალი კიდევ უფრო მძიმე იქნება.
როგორც კახა ხაზარაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, იანვარ-მარტში ICR ჯგუფში შემავალ მაღაზიებში დაგეგმილზე 10%-ით ნაკლები გაყიდვები ჰქონდათ.
„აი სი არ ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფია საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.
„მაღაზიებში მომხმარებლის შემოდინებას აღვრიცხავთ, რომელიც საკმაოდ შემცირებულია“ – ამბობს ბიზნესმენი და არ აქვს მოლოდინი, რომ შემდეგ თვეებში მდგომარეობა გამოსწორდება.
„იმ სფეროში, რომელსაც წარმოვადგენთ, პირველი კვარტალი საკმაოდ რთული იყო; პირველი კვარტალი უფრო sale-ის პერიოდია და მოგვიწია მეტი ფასდაკლებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, გაყიდვების 10%-იანი კლება გვქონდა იმასთან მიმართებით, რაც დავგეგმეთ. აპრილიც რთულად დაიწყო – ვფიქრობ, გაყიდვებისთვის მეორე კვარტალი უფრო რთული იქნება“, – განაცხადა კახა ხაზარაძემ და იქვე აღნიშნა, რომ დღეს, ლარის კურსის რყევებზე მეტად ბიზნესისთვის პრობლემა მოსახლეობის შემცირებული მსყიდველუნარიანობაა.
„ინფლაცია იზრდება და მოსახლეობას კი შემოსავალი უმცირდება; ჩვენც აღვრიცხავთ მომხმარებლის შემოდინებას მაღაზიებში, რომელიც საკმაოდ შემცირებულია“, – თქვა ბიზნესმენმა.
რაც შეეხება ტურისტების წილს საქართველოს ვაჭრობის სექტორში, როგორც ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ „წერტილთან“ ინტერვიუში თქვა, „ტურისტების კალათაც შეიცვალა“.
„ქვეყანაში უფრო დაბალბიუჯეტიანი ტურისტი ჩამოდის; შეიძლება, რაოდენობრივად მეტნიც არია, მაგრამ ცოტას ხარჯავს. თუ ადრე, საქართველო ევროპული და განვითარებული ქვეყნებიდან მომავალი ტურისტებისთვის იყო საინტერესო, ახლა მათი დიდი ნაწილი ჩაანაცვლა პოსტსაბჭოთა და აზიურმა ქვეყნებმა, რაშიც ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ რადგან პატარა ქვეყანა ვართ, არჩევანი ხარისხზე უნდა გავაკეთოთ და არა მასობრივ ტურიზმზე, რაც საბოლოო ჯამში, ტრაფიკის გარდა, დიდ შემოსავალს არ ტოვებს“, – განაცხადა კახა ხაზარაძემ.