„მაღაზიებს მოუწევთ საიტზე ატვირთონ, რომელმა ფერმერმა კონკრეტულად რა შეიძინა“ – აგროქულების მიზნობრივ ხარჯვაზე მონიტორინგი გამკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების მიზნობრივ ხარჯვაზე მონიტორინგი დაწესდება. დადგენილი პირობით, ფერმერი, რომელიც საკუთრებაში, ან ფაქტობრივ მფლობელობაში ფლობს თხილის ნაკვეთს, რომელიც არის არანაკლებ 0,5 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა, სახელმწიფოსგან 500 ლარიან დახმარებას მიიღებს.
ეს თანხა ფერმერს ქულების მიხედვით ერიცხება, რომელიც შხამ-ქიმიკატების ან სხვა მასალის შესაძენად სპეციალიზებულ მაღაზიაში უნდა დახარჯოს. როგორ აფასებს სექტორი აღნიშნულ გადაწყვეტილებას და რა გამოწვევების წინაშე დგას თხილის სექტორი, თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში თხილის სექტორში 35 000-ზე მეტი ფერმერია და 500 ლარიანი დახმარება საკმარისია იმისთვის, რომ ფერმერმა ბაღების შეწამვლა შეძლოს.
„გარკვეული ხარვეზი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ახალი პროგრამაა და ამ ფორმით ფერმერების მხარდაჭერა პირველად განხორციელდა, გადმოგვეცა ახალი შესაწამლი აპარატები რომ წამლობები ჩაგვეტარებინა. ფერმერები ჩართული ვართ პროცესში და თვეში რამდენჯერმე ჩვენი აგრონომები დადიან და ატარებენ ტრენინგებს და მონიტორინგს.
იყო ცდუნება ბიზნეს ოპერატორების მხრიდან, მაღაზიები, რომლებიც ყიდიან სასოფლო-სამეურნეო წამლებს, პესტიციდებს და ა.შ. რომ არამიზნობრივად მიეწოდებინათ ნამგალი და ურო და ამან ხარვეზი წარმოშვა, თუმცა წელს კარგი ის არის, რომ პრევენციის სახით, როგორც ჩვენ ვიცით, წელს გაცილებით უფრო გამკაცრდება რეგულაციები. თუმცა ახლა მაღაზიებს არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ფერმერებს სხვა რაღაც მიყიდონ და თვეში ერთხელ მათ მოუწევთ სპეციალურ საიტზე ატვირთონ მონაწერი ფერმერების მიერ, თუ რომელმა ფერმერმა კონკრეტულად რა შეიძინა და ბუნებრივია, რომ ეს არის კონტროლის ძალიან კარგი მექანიზმი“ – აღნიშნა გიორგი თოდუამ.
თოდუას თქმით, ფერმერს ბევრი რამ სჭირდება, საქართველოში ჯერ კიდევ ვითარდება ეს სფერო და ფერმერული გამოცდილება ბევრ წელს არ ითვლის. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი რომ ამ მიმართულებით განვითარდეს.
„სექტორში სხვა მიმართულებითაც ბევრი ბევრი საჭიროებაა, იგივე სასუქების შეტანა კონკრეტულ თანხებთან არის დაკავშირებული, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხარისხთან ერთად წარმოება გავზარდოთ, ეს მოტივაცია ალბათ წელს დაგვეხმარება და ფერმერებს უფრო მეტი მოსავალი ექნება ვიდრე შარშან. ჩვენთან არის მჟავიანი ნიადაგი, ბოლო პერიოდში ჩვენ წამოვიწყეთ კამპანია რომ ფერმერებმა წარმოებაში კირი შეიტანონ, რაც მნიშვნელოვანია გურია-სამეგრელო და დასავლეთის რეგიონებისთვის სადაც მაღალი მჟავიანობაა, მნიშვნელოვანია ფერმერებმა წარმოების გასაორმაგებლად კირი შეიტანონ წარმოებაში.
მიმდინარეობს რეესტრის განახლება, ზოგი ფერმერი ყიდის ხოლმე პლანტაციას და ჰყავს ახალი ფერმერი, ფერმერებს შეუძლია მიმართონ იმ ტერიტორიულ ორგანოებს სადაც პლანტაციები აქვთ.
მნიშვნელოვანია ყველამ გაიაროს რეგისტრაცია და დროულად მოხდეს წამლობები, მარტის ბოლომდე არის ვადები და შემდეგ აპრილიდან დაირიცხება აგროქულები.“- აღნიშნა გიორგი თოდუამ.