დაიბადა გურიაში, სოფელ ეწერში. დედის ადრე გარდაცვალებამ და ხელმოკლეობამ საფუძვლიანი სწავლა-განათლების მიღებაში დიდად შეუშალა ხელი. სოფლის სასწავლებელში უნიჭიერეს მოსწავლედ ითვლებოდა, თავი ოზურგეთის სკოლაშიც გამოიჩინა, მაგრამ უსახსრობის გამო, იძულებული გახდა, სწავლისთვის თავი დაენებებინა და ვაჭრობა დაეწყო, მაგრამ როგორც კი საშუალება მიეცემოდა და ცოტაოდენ დროს გამონახავდა, მაშინვე განმარტოვდებოდა და კითხულობდა. განსაკუთრებით რელიგიური ლიტერატურა იტაცებდა. სრულიად ახალგაზრდამ თბილისში ჩამოსვლა გადაწყვიტა და როგორღაც სწორედ მაშინ მოხვდა ჭავჭავაძეებთან. თავიდან ილიასთან დაახლოებული პირები ისე უყურებდნენ, როგორც ერთ ჩვეულებრივ მსახურს. ეს არტემ ახნაზაროვის მოგონებიდანაც ჩანს: “ივერიის” რედაქციის მოლარედ და სამეურნეო ნაწილის გამგედ იყო ვინმე მაქსიმე შარაძე, ილიას სახლის ყოფილი მოსამსახურე და შემდეგ სტამბის პატრონი, რომელშიაც გაზეთი “ივერია” იბეჭდებოდა. ეს მაქსიმე შარაძე გაუნათლებელი კაცი იყო, მაგრამ სოფლის სკოლა ჰქონდა დამთავრებული და წიგნის კითხვას ეტანებოდა. ერთ დროს ისე გაიტაცა საღმრთო წერილისა და სასულიერო შინაარსის წიგნების კითხვამ, რომ სხვა თავის ამხანაგებთან ერთად სექტასავით რაღაცა ამხანაგობა დააარსა, რომელსაც “უდაბურ წყალწმინდის ძმობა” ეწოდებოდა. ამ ძმობას ეს მაქსიმე შარაძე მეთაურობდა, ბოლოს მან სტამბაც დააარსა. წმ. მამათა ცხოვრებიდან სასულიერო შინაარსის პაწია წიგნებსა ჰბეჭდავდა და საზოგადოდ ასკეტურს ცხოვრებას ეწეოდა. თვით სტამბა მოთავსებული იყო “ივერიის” რედაქციის ქვედა სართულში, კალინინის ქუჩაზე, ილიას დის ელისაბედ საგინაშვილის სახლში. ამ მაქსიმე შარაძის შესახებ ასეთი ხმა იყო გავრცელებული: ილიასთან ორიოდე წლის ნამსახურობის შემდეგ შარაძე ერთ მშვენიერ დღეს შესულიყო მასთან კაბინეთში და განეცხადებინა: თქვენთვის, თქვენის მონდობილებით, სანოვაგესა, სურსათსა და ათასს სხვა რასმეს რომ ვყიდულობდი, ფულს გადავარჩენდი ხოლმე და ოც თუმანზე მეტი შევკრიფე. ეხლა ვგრძნობ, რომ ასეთი საქციელი დიდი ცოდვაა და ამიტომ გიბრუნებ ამ ფულსაო. ამოიღო თურმე და ფული მაგიდაზე დაუწყო. ილიამ ეს ფული ჯიბეში ჩაიდო და უთხრა: ძალიან კარგად მოქცეულხარ აგრე სჯობსო.” სხვათა შორის, ამ შემთხვევის გამო ერთი ამბავი ატყდა – ამბობდნენ, რა ძუნწია ილია, მაქსიმეს ან როგორ გამოართვა ფული, ან ცოტა მაინც ვერ აჩუქაო… ამ ხმებმა ილიას ყურამდეც მიაღწია. – როგორ, მოპარული ფული რომ უკან დამებრუნებინა, თუნდაც ნაწილი იმ ფულისა, განა ამით შეურაცხებას არ მივაყენებდი? სად გაგონილა, რომ ქურდს ნაქურდალში წილი დაუდონ? ის კაცი მართალ გზას დასდგომია და ჩემის ასეთის უმართებულო საქციელით ამ მართალ გზას ხომ გადავაცდენდიო. – უყვირია აღშფოთებულ ილიას.
სამაგიეროდ, ამ ამბის შემდეგ, მაქსიმეს თვალდახუჭული ენდობოდა ასე მომჭირნე ილია ჭავჭავაძე. თქვენ წარმოიდგინეთ, სტამბისთვის სწრაფმბეჭდავი მანქანა გამოუწერა, რომელიც საკმაოდ სოლიდური თანხა დაჯდა. ამ თანხის თავდებად თვით ილია დაუდგა მაქსიმეს. მანაც ვალი დათქმულ დროში და კეთილსინდისიერად გაისტუმრა. ფაქტია, მაქსიმე უცნაური ადამიანი ყოფილა, მაგრამ, რაც შეეხება არტემ ახნაზაროვის ირონიით ნახსენებ “უდაბურ წყალწმინდის ძმობას”, ნამდვილად არ იყო სექტანტური დაჯგუფება, ეს გახლდათ “მართლმადიდებელთა ძმობის კაბინეტი”, რომელიც უამრავ კეთილ საქმეს აკეთებდა ქართველი ერის და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სასარგებლოდ. მისი წევრი იყო წმიდა ექვთიმე აღმსარებელი – ერისკაცობაში ესტატე კერესელიძე…
მწერალთა სახლი – ახალი ძველი ამბები ეკა მახარაშვილისგან