“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი, ნინო წილოსანი ეხმაურება ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ის აშშ-მ დაასანქციროს. წილოსანი აცხადებს, რომ მისთვის სანქციების სიაში მოხვედრა პატივია.
გარდა ამისა, ის ირწმუნება, რომ “მეგობარი აქტი”, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა დაასანქცირონ, არა “ქართული ოცნების”, არამედ ქართველ ხალხის წინააღმდეგაა მიმართული.
“მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავის სამშობლოსთვის თავდადებისთვის, სამშობლოსთვის ბრძოლისთვის. ამიტომ, ნამდვილად, როგორც არაერთხელ გვითქვამს, სანქციებში მოხვედრა ნამდვილად პატივი არის იმის ფონზე, რომ არანაირი დასაბუთება არა აქვს მათი მხრიდან ადამიანების შეყვანას [სანქიცების სიაში]. […] თავად დასახელება არის დიდი ცდომილება. მე ეჭვი მეპარება და ნამდვილად არ მჯერა, რომ ამერიკაში არ იციან მეგობრობა რას ნიშნავს. ამიტომ, ეს დასახელება – “მეგობარი აქტი” მხოლოდ და მხოლოდ პიარული შეფუთვა არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ მტრული განწყობისა, რომელიც ამ აქტში არის. რატომ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ეს აქტი მომართული – რადგან ის ასანქცირებს და ის უპირისპირდება ადამიანებს, რომლებიც ქართველი ხალხის არჩევანია. ჩვენ რომ არა [არ ვიყოთ] ქართველი ხალხის არჩევანის შედეგად ხელისუფლებაში მოსული ადამიანები, ინდივიდუალურად, არავის წინააღმდეგ არ იქნებოდა ეს აქტი მომართული. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის ვისჯებით, რომ ქართველი ხალხის დაკვეთას ვასრულებთ და ვასრულებთ ამ ქვეყნის ინტერესებში შემავალ პოლიტიკას”, – განაცხადა წილოსანმა პროსახელისუფლებო ტელევიზიის, “იმედის” ეთერში.
მან გააკრიტიკა “მეგობარი აქტის” ერთ-ერთი ავტორი და მთავარი ლობისტი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი. წილოსანმა უილსონი შეადარა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს, შალვა ნათელაშვილს და ორივე ერთად დამაკნინებელ კონტექსტში მოიხსენია.
“უბრალოდ, შეგრძნებების დონეზე რომ ავუხსნა [საზოგადოებას], ეს არის ადამიანი, რომელიც, პირობითად, ჩვენ შემთხვევაში, შალვა ნათელაშვილის კატეგორიის პოლიტიკოსი არის”, – თქვა წილოსანმა.
აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ “მეგობარი აქტის” მიღებიდან მეორე დღეს ჯო უილსონმა გამოაქვეყნა იმ პირთა სია, რომლებიც შესაძლოა დასანქცირდნენ კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ. სიაში არიან “ქართული ოცნების” ლიდერები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი პირები. ასევე, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირები და პროსახელისუფლებო და პროპაგანდისტული მედიების წარმომადგენლები. მათ შორისაა ნინო წილოსანიც.
