„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ იცის „ყველაფერი“, რაც უკავშირდება ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის სახლების ჩხრეკასა და მიმდინარე საქმეს, თუმცა არ აქვს უფლება, რომ ამაზე ისაუბროს.
„გამოძიება, გამოძიება გეტყვით ყველაფერს, მე ვერ გეტყვით“, – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ყოფილი თანაგუნდელის სახლების ჩხრეკასა და მის შესაძლო დაკავებაზე დასმულ კითხვებს.
„მე კითხვები მქონდა, დავსვი და მივიღე პასუხები… მე მაქვს პასუხები, მაგრამ თქვენ ვერ გეტყვით. გამოძიებამ უნდა გაგცეთ ყველაფერზე პასუხი. მე უფლება არ მაქვს“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
შემდეგ, ამ საკითხზე დასმულ არაერთ კითხვაზე გაიმეორა: „პასუხი მაქვს, მაგრამ არა თქვენთვის… მე განა არ ვიცი რაღაცები, ყველაფერი ვიცი, მაგრამ გამოძიებამ უნდა გაგცეთ კითხვებზე პასუხი“.
17 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ექსპერმიერი ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული კიდევ ხუთი ადამიანის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.
გვარაკიძის თქმით, „ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა“.
პროკურატურის ცნობით, ჩხრეკა ჩატარდა „სისხლის სამართლის საქმეების მნიშვნელობიდან გამომდინარე“.
მან განცხადების წაკითხვის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. არ უთქვამს, რომელი მუხლებითაა გამოძიება დაწყებული და ითხოვენ თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნების დასაკავებლად სასამართლოს განჩინებას.
მეორე დღეს, 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა საქართველოს ყოფილი პრემიერის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების ჩხრეკის დამატებითი დეტალები.
სამი ყოფილი მაღალჩინოსნის გარდა, გაჩხრიკეს რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების 24 ბინა და საცხოვრებელი სახლები. ოპერაციაში 230-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
სუსის ცნობით, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია:
· ნაღდი ფული, – საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით,
· 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი,
· ძვირადღირებული ნახატები,
· ათასობით გვერდი დოკუმენტაცია,
· 50 მობილური ტელეფონი
· 119 ელექტრომოწყობილობა.
ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ამჟამად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლები შეისწავლიან ამ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებზე არსებულ ინფორმაციას და ადგენენ ამოღებული ნაღდი რეალური წარმომავლობას.
ყოფილი მაღალჩინოსნების (ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის) დაკავების შემდეგ მედია მუდმივად სვამდა კითხვებს, მიდიოდა თუ არა კვალი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და სუსის ყოფილ ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან. ამაზე ირაკლი კობახიძე პასუხს არ სცემდა.
მმართველი გუნდის ამჟამინდელი ლიდერები, მათ შორის კობახიძე, ყოფილ თანაგუნდელებს საყვედურობდნენ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან, ლევან ხაბეიშვილთან „კავშირების“ გამო – მათ ისე საყვედურობდნენ, რომ ამ ყოფილი თანაგუნდელების გვარებს არ ასახელებდნენ.
ირაკლი კობახიძემ ხაბეიშვილი დაადანაშაულა „შავი ფულის მიღებაში“ „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნებისგან, – თუმცა კვლავ გვარების დასახელების გარეშე.
ფორუმი
