ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ამჯერად, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. ისინი მოითხოვენ პირდაპირ ეთერს, რათა ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებისა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობის დეტალებზე ისაუბრონ.
შეკრებილებმა რამდენჯერმე სცადეს დაკავშირება მაუწყებლის ადმინისტრაციასთან. მათ შორის, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძესთან, ასევე საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან. თუმცა, მათ კოლეგების ზარებს არ უპასუხეს.
მოგვიანებით, შეკრებილებმა პირობა მიიღეს, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები ხვალ, დღის საათებში შეძლებდნენ მათთან კომუნიკაციას, რათა განეხილათ საღამოს ეთერში დროის დათმობის შესაძლებლობები.
აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები და სოლიდარობა გამოუცხადეს მზია ამაღლობელს. ისინი მედიამენეჯერის გათავისუფლებას მოითხოვენ. შეკრებილები, ასევე, უერთდებიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნას, საპატრულო პოლიციის ბათუმის სამმართველოს უფროსის, ირაკლი დგებუაძის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.
“დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უკვე პოლიციის განყოფილებაში კი რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს მისი შეკავება და ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და განაგრძობდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ. ერთ-ერთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. მისივე ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება. მედიის წარმომადგენლები ვაპროტესტებთ მზია ამაღლობელის დაკავებას, მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ირაკლი დგებუაძის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებაზე საიას მოთხოვნას ვუერთდებით”, – აცხადებენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი ჟურნალისტები.
აქციის დასრულების შემდეგ ისინი მსვლელობით გაემართნენ პარლამენტისკენ, რათა შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს. დღეს, 16 იანვარს, უწყვეტი პროევროპული აქციების 50-ე დღეა.