სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეთა განხილვა გრძელდება. დღეს, 12 თებერვალს ე.წ. ორგანიზატორების 10-პირიან პროცესზე დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი დაიკითხა, რომელმაც პირდაპირ დაადო ხელი ამ საქმეში ერთ-ერთ ბრალდებულს, გური ჟვანიას, როგორც მასზე ერთ-ერთ მოძალადეს.
10-პირიან საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე წარმართავს, სადაც ბრალდებულები არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია.
მოწმე პოლიციელის, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროს ლაშა ჯუღელის თქმით, მას დაახლოებით 15 ადამიანი ურტყამდა. გური ჟვანიას გარდა, ამოცნობილი ჰყავს ზოგიერთი სხვა ადამიანიც, რომლებიც დღევანდელ საქმეში არ არიან ბრალდებულები. მისი ჩვენება დამაჯერებელი არ აღმოჩნდა ადვოკატებისთვის.
პოლიციელმა სასამართლოში მოყვა, რომ 4 ოქტომბერს ჯერ ჭონქაძის ქუჩაზე იმყოფებოდა თანამშრომლებთან ერთად, შემდეგ კი რაციაში მოისმინა და ინტერნეტითაც ადევნებდნენ თვალს, რომ „მომიტინგეები სასახლეში შეჭრას აპირებდნენ“ და იქით გადაინაცვლა.
„ვცდილობდით სასახლეში შესვლას, რომ შიგნით არ შეჭრილიყვნენ. თითქმის შესულები ვიყავით, დავინახე თანამშრომელს ურტყამდნენ და მოვტრიალდი. მერე მეც. გვირტყამდნენ ჯოხებს, ცნობილი ფრაზებით მოგვმართავდნენ, რუსეთის მონებო და ა.შ.“ — თქვა ჯუღელმა.
პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი: „თუ გახსოვთ, შეგიძლიათ აღწეროთ ადამიანი, ვინც გირტყამდათ?“ ლაშა ჯუღელი: „ერთ-ერთი 50 წელს ზევითაა, ჩემზე ოდნავ მაღალი, შემელოტებული, გური ჟვანია. მახსოვდა სახეზე და ამოვიცანი ვიდეოთი. ფეხს მირტყამდა წაქცეულზე. სხვა პირებიც ამოვიცანი, მაგრამ ამ დარბაზში არ არიან.“
დაზარალებული პოლიციელის თქმით, ყველაზე მეტი დაზიანება თავის არეში მიიღო. თუმცა არც მუშაობა შეუწყვეტია და არც სამედიცინო დახმარების მისაღებად მიუმართავს, რადგან ეს საჭიროდ არ ჩათვალა და „ზოგადად, ექიმებთან არ დადის“. გური ჟვანიას ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ მედიასთან პოლიციელი ცრუ მოწმედ შეაფასა. მისი თქმით, ვიდეომტკიცებულება, რომელიც მსგავს ქმედებას ასახავს გური ჟვანიას მხრიდან, საქმეში არ არსებობს.
„2 კვირის შემდეგ გამოცხადდა ლაშა ჯუღელი განყოფილებაში და აღნიშნა, რომ წააქციეს და ურტყამდნენ. საავადმყოფოში არ მისულა, რადგან ეს საჭიროდ არ ჩათვალა. თვენახევრის მერე ამოიღეს ჟილეტი, რომელიც მისი თქმით, ეცვა და შემოახიეს. ვიდეოს [გური ჟვანიას წინააღმდეგ ვიდეომტკივებულებას] გამოიკვლევენ შემდეგში. მაგრამ რაც ლაშა ჯუღელმა დააფიქსირა დღეს სასამართლოში, რომ თითქოს წაქცეულს ურტყამდა 15 ადამიანი, ასეთი ვიდეო საქმეში წარმოდგენილი არ არის. ლაშა ჯუღელმა იცრუა და არათანმიმდევრული ჩვენება მისცა სასამართლოს“, — თქვა გური ჟვანიას ადვოკატმა.
როცა პროკურორების შემდეგ ადვოკატების კითხვების ჯერი დადგა, მოწმემ თქვა, რომ არ უყურებს ტელევიზორს, არ სარგებლობს სოციალური ქსელებით, არ ეცნობა მიმდინარე ამბებს, სიახლეებს. ამაყობს, რომ პოლიციელია. არასდროს უნახავს პოლიციელების მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობა და არასდროს სმენია ამის შესახებ, შესაბამისად, ვერ დაუშვებს და არ გასჩენია ვარაუდი, რომ მომიტინგეების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება და აგრესია პოლიციელების მიმართ, განსაკუთრებით, ნიღბიანი პოლიციელების მიმართ, შეიძლება მიმდინარე პროტესტში მიღებული გამოცდილებით ყოფილიყო განპირობებული.
„პოლიციელი, რომელიც ახალ ამბებს არ იღებს, რომელსაც არ აქვს წვდომა ინფორმაციაზე, რაც ხდება მის გარშემო, არ არის პოლიციელი. თუ არ იცი, რა ხდება ქვეყანაში და როცა გეძახიან აქციის დასარბევად, მაშინ თუ გადიხარ, აღარ უნდა გაგიკვირდეს, რატომ გეძახიან რუსეთის მონას. სამმართველოს უფროსი, რომელსაც არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე აბარია, თუ 15-მა ადამიანმა სცემა და ერთი თვის განმავლობაში აუტანელი ტკივილები აწუხებს თავის არეში, მაგრამ ექიმთან არ მიდის, გმირი კი არაა, გონებრივი პრობლემები აქვს. ჩვენ ახლა გვაქვს ერთადერთი მტკიცებულება, პოლიციელის ნათქვამი „მეტკინა“. პოლიციელები როგორ აღიქვამენ ტკივილს, არაერთი საქმე გვქონია აქამდე. მზია ამაღლობელი იმიტომ არის პოლიტპატიმარი და იმიტომ ზის ციხეში, რომ დგებუაძეს თურმე სილის გაწვნა ეტკინა. „ოცნებამ“ ქრონიკულად მატყუარები გახადა ქართველი პოლიციელები“, — თქვა პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
გარდა დაზარალებული პოლიციელისა, სასამართლოში პროკურატურამ წარმოადგინა 112-ის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი, რომელიც ასახავს ორბელიანების სასახლესთან მიმდინარე მოვლენების ფრაგმენტებს. დღეს წარმოდგენილ 112-ის კამერების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს ღობის მთლიანობა და ჩანს კადრები უკვე მას შემდეგ, რაც ღობე გადავარდნილია. ამან ადვოკატების პროტესტი გამოიწვია. დაცვის მხარე აპელირებს იმაზე, რომ რამდენიმე ადამიანისგან რამდენიმეწამიანი ჯაჯგური რკინის ღობეს ვერ მოარღვევდა, ეს რომ წინასწარ გამიზნული არ ყოფილიყო და ღობის გადავარდნის ეპიზოდის კარგად ჩვენება სწორედ 112-ის კადრებით იყო შესაძლებელი.
პროკურორები სხდომაზეც და სხდომის შემდეგაც კატეგორიულად ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო დამონტაჟებული არ არის. ვიდეო რომ დამონტაჟებული არ ყოფილიყო, უწყვეტი კადრი უნდა გვენახა. თუმცა ეს პირველად არ ხდება სასამართლოში, როცა პროკურორები უარყოფენ ვიდეოში ჩარევას და როცა კითხვები ისმის მონტაჟთან დაკავშირებით, რომელიც სხვა არაფერია თუ არა, სხვადასხვა კადრის ერთ მიმდევრობად დალაგება, უარყოფენ, რომ ვიდეომ მსგავსი რედაქტირება გაიარა.
„ხელისუფლების პროპაგანდისტებს, მათ შორის, პაპუაშვილს, ძალიან ანაღვლებს, რატომ ჰქვია ამ საქმეს პრეზიდენტის ღობის საქმე და არა გადატრიალების. მოვიდნენ სასამართლოში და ნახონ ეს მტკიცებულებები. იქ, სადაც თითქოს ღობე გადაანგრიეს ადამიანებმა, ეს ვიდეოკადრი თავად გამოძიებამ გააქრო 112-ის, სახელმწიფო უწყების ჩანაწერებიდან. პროკურორებს უყვართ დაპირებები სასამართლოში, რომ რაღაცას მომავალში გვაჩვენებენ, მაგრამ მათი სიტყვების უკან კონკრეტული მტკიცებულებები არ დგას. გამოძიებამ დამალა [ღობის გადანგრევის ნაწილი 112-ის ჩანაწერებში], რადგან მისი ჩვენება დაამტკიცებდა, რომ ღობე წინასწარ იყო დაზიანებული და ერთი ხელის მიწოლითაც [გადავარდებოდა]. […] სასახლეში შეჭრის სურვილი რომ ჰქონოდათ, ათი ათასობით ადამიანს 20 სპეცრაზმელი ვერ გააჩერებდა. არ იქნებოდა საჭირო ვიდეომონტაჟი, გამოძიების მხრიდან მტკიცებულებების ფალსიფიცირება — დანაშაულის ჩადენა. ეს ემსახურება იმას, რომ დამალონ პროვოკაცია, რომლის შესახებ სიხარული ვერ დამალა ირაკლი კობახიძემ“, — თქვა მედიასთან ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრს, ირაკლი ნადირაძეს იცავს.
პაატა ბურჭულაძე დღეს 71 წლის გახდა. დარბაზში ბრალდებულების შემოყვანისას, დამსწრეები მათ მისალოცი შეძახილებით შეხვდნენ. პაატა ბურჭულაძეს მიმართვის საშუალება მისცეს. მან თქვა, რომ განსაკუთრებით დაუვიწყარია მისთვის წინა დაბადების დღე, როცა „ოცნებამ“ ოპერისა და ბალეტის თეატრი არ დაუთმო, მაგრამ სამაგიეროდ, ათასობით ადამიანმა მიულოცა რუსთაველზე. ასეთივე დაუვიწყარი დარჩება დღევანდელი დაბადების დღეც, როცა მილოცვებს სასამართლო დარბაზში იღებს.
„ჩემს ცხოვრებაში ყველა დაბადების დღე განსაკუთრებულია. შარშან ოპერის თეატრი არ დამითმო „ოცნებამ“ და ოპერის წინ საბარგო მანქანაზე მივიღე მრავალათასიანი მილოცვა და კონცერტი; ეს იყო უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში. წელს, აქ, სასამართლოში ვიღებ მილოცვებს, რაც ასევე დაუვიწყარი იქნება. როგორც წესი, ამ დღეს არის უამრავი მოლოცვა და საჩუქარი, მთელი მსოფლიოდან. დღეს კი ამ ორი პროკურორის [ვაჟა თოდუა და თამარ ბეჟუაშვილი] გადაწყვეტილებით, ჩემს მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან სატელეფონო საუბარიც მეკრძალება — აღარაფერს ვამბობ სხვა დანარჩენზე“, — თქვა პაატა ბურჭულაძემ.
მსოფლიოში აღიარებულმა ბანმა პროკურორებსაც მიმართა და უთხრა, რომ არ შეუწყობს ხელს მათი და მათი ოჯახების დასანქცირებას, რადგან სჯერა, მათი შვილების მომავალი მშობლების მიერ ჩადენილმა არ უნდა განსაზღვროს.
„ჩვენი სარწმუნოება გვასწავლის, რომ ბოროტებას სიკეთით უნდა ვუპასუხოთ და მეც, როგორც ქრისტიანმა, გადავწყვიტე, რომ თქვენ, ბატონო ვაჟა თოდუა და განსაკუთრებით, თქვენ, ქალბატონო თამარ ბეჟუაშვილო, რომელიც ძალიან გამოირჩევით ამ უსამართლო ბრძოლაში, მინდა საჩუქარი გაგიკეთოთ და სიკეთით გიპასუხოთ. მე შემიძლია წერილი მივწერო ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს, ევროკომისიას, რომ შემთხვევით არ გამორჩეთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები იმ დასანქცირებულთა სიაში, რომელიც მომდევნო თვეებში გამოქვეყნდება — მერწმუნეთ ამ წერილს ანგარიშს გაუწევენ. მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ. არა იმიტომ, რომ თქვენ ამას არ იმსახურებთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მაგალითები, რომ ოცნების წარმომადგენლებს, გამორჩეულად უარყოფით ადამიანებსაც კი, ჰყავთ შესანიშნავი შვილები და ვფიქრობ მათი მომავალი მშობლების საქციელს არ უნდა გადაჰყვეს, ისინი ჩვენი ქვეყნის შვილები არიან. რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, პოლიტიკოსებს და კორუფციონერებს შორის მე ვარ ერთადერთი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და გამოვირჩევი იმით, რომ ყველაზე საშიში დამნაშავის ბრალი მაქვს წაყენებული. გულწრფელად გეკითხებით, თქვენ თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის და მისი სახელმწიფოებრიობისთვის პაატა ბურჭულაძე რაიმე საფრთხეს წარმოადგენს?! ვისაც გჯერათ, სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ“, — თქვა პაატა ბურჭულაძემ და სხდომა მის დასრულებამდე დატოვა, — „შემდეგ დაბადების დღეზე ისევ რუსთაველზე შევხვდებით.“
რას ედავებიან 4 ოქტომბრის საქმეთაგან 10-პირიანი საქმის ბრალდებულებს:
· პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს ედავებიან: 1) სტრატეგიული ობიექტის [ორბელიანების სასახლე] ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად; 2) ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას; 3) სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
· ლაშა ბერიძეს ედავებიან: 1) ობიექტის [ორბელიანების სასახლე] ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად; 2) ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას.
· პაატა მანჯგალაძეს — ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას.
· ირაკლი შაიშმელაშვილს — სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
· თორნიკე მჭედლიშვილს, ირაკლი ჩხვირკიასა და ნიკა გვენცაძეს — ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას.
· გური ჟვანიას — ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.
4 ოქტომბრის პროტესტი ბარიკადების ერთ მხარეს „მშვიდობიანი რევოლუციის მცდელობად“ შეფასდა, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. „ოცნების“ რეჟიმმა კი ის „კონსტიტუციური წესრიგის დამხობის“, პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის სისხლის სამართლის საქმედ აქცია. სწორედ ამას ედავებიან 4 ოქტომბრის საქმეებზე 64 ბრალდებულს.
64-პირიანი საქმე, 10, 12, 13, 14, 15-პირიან საქმეებად დაშალეს, 5 მოსამართლეს და 6 პროკურორს გაუნაწილეს — მსოფლიო ბანი, ყოფილი მაღალჩინოსნები და მოქმედი პოლიტიკოსები, რიგითი ადამიანები თითქმის მთელი საქართველოდან, მათ შორის, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობებით, ქალები, ემიგრანტები, ყოფილი სამხედროები.
58 ადამიანი პატიმრობაშია. 4 ადამიანი გირაოთია გათავისუფლებული — ექიმი/პროფესორი გოგი ჩახუნაშვილი, კრეატიული დირექტორი ია დარახველიძე, მცირეწლოვანი ბავშვის დედა მარიამ მეყანწიშვილი და კიდევ ერთი ადამიანი, ევა შაშიაშვილი, თავადაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, შშმ შვილზე ერთადერთი მზრუნველი ქალი, რომელიც წინასაახალწლოდ გამოუშვეს საგანგებოდ დანიშნულ სხდომაზე.
ორი ბრალდებული დაკავებული არ არის და მიმალვაშია — გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ ერთი მოქალაქე, ანტონ უპერი, რომელთაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ და დაუსწრებლად შეეფარდათ პატიმრობა.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ:
· 4 ოქტომბერი: პოლიტიკური პერფორმანსი თუ დამხობის მცდელობა?
· „აღიარონ დანაშაული და ვიმსჯელებთ პატიმრობის შეცვლაზე“ — 4 ოქტომბრის საქმე




