“მატიაშვილმა სამჯერ სცადა ფიზიკურად გამსწორებოდა – წიხლის ჩარტყმით” – მინდია გაბაძე

ჟურნალისტი, მინდია გაბაძე:
არცერთ თემაზე მსჯელობა ან ფიქრი არ მინდა, რაც გელა ხასაიას არ უკავშირდება. თუმცა, თავის დაზღვევისთვის და პრევენციისთვის სჯობს ეს პოსტი დავწერო. გელას პროცესის დაწყებამდე დავით მატიაშვილი პირადად დამემუქრა სხვა მანდატურების პირისპირ, რომ გადაღების შემთხვევაში, „პოლიციას გამოიძახებდა და გვერდით ოთახში შემიყვანდა“. იქვე აღნიშნა, რომ იცის რასაც და როდის ვიღებ. ეს, რა თქმა უნდა, სამართლებრივ ჩარჩოებში ძალით მოქცეული მუქარა იყო – იმას ერიდება, რომ პირდაპირ მითხრას – ოთახში შეგიყვან და დაგლეწავო. დღეს სასამართლოს შენობაში არაფერი გადამიღია. ამის მიუხედავად, გელას პროცესის დასრულების შემდეგ, როცა მანდატურებმა ძალის გამოყენებით დამსწრეთა და ჟურნალისტების გადაწყვეტილება მიიღეს, წყნარად და მშვიდად ვტოვებდი შენობას. დავით მატიაშვილს სამჯერ ჰქონდა მცდელობა (ორჯერ შენობაში და ერთხელ ეზოში), რომ ფიზიკურად გამსწორებოდა – წიხლის ჩარტყმით და ხელის ჩაბღაუჭებით. კიდევ ორი შემთხვევა იყო, სხვა, ახალბედა მანდატურმა პირდაპირ კისერში ჩამავლო ხელი. ყოველ ჯერზე შოკისგან უმოძრაოდ ვიყავი და ჩემი რედაქტორი გლეჯდა ჩემს თავს მანდატურებს. მეხმარებოდნენ აქტივისტებიც. არ ვიცი რა აქვთ ჩაფიქრებული და რამეს თუ გეგმავენ, მაგრამ უკვე ისეთი კომფორტი მოიწყვეს, რამე რომ დააბრალონ ნებისმიერს, საპირისპიროს ვერავინ დაამტკიცებს. მადლობა მხარდაჭერისთვის. იმედია ეს ჯოჯოხეთი მალე დასრულდება. ამ ეტაპზე ამ თემაზე აქ ვწყვეტ საუბარს. ისაუბრეთ და იმსჯელეთ გელას და სინდისის პატიმრების აბსურდულ საქმეზე.