საქართველოში მე-9 თვეა ხალხი აპროტესტებს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპულ პოლიტიკას, რასაც ძალიან მალე, შესაძლოა მოჰყვეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის.
რას დაკარგავს ამით ქვეყანა და რას დაკარგავთ თუნდაც თქვენ, როგორც ერთი მოქალაქე და მასწავლებელი ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის შეჩერებით? – ვკითხეთ ნესტან კუბლაშვილს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს 2025 წლის ათეულში მოხვდა.
ნესტან კუბლაშვილი თბილისის 172-ე საჯარო სკოლაში 29 წელია ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.
„რა თქმა უნდა, უარყოფითად ვუყურებ, ძალიან მაშინებს ასეთი მომავალი. მე, პირადად, მაქვს გამოცდილება, ვიზალიბერალიზაციამდე რომში წასვლა მინდოდა და როგორი რთული გზა გავიარე ამისთვის.
პირველად არ ჩამირტყეს ვიზა და მეორედ, კონსულთან გასაუბრებით ძლივს მომანიჭეს ეს უფლება და ეს მწარე გამოცდილება მთელი ცხოვრება მახსოვს.
შესაბამისად, კი მინდა, ცოტა იმედის მსგავსი შევინარჩუნო, მაგრამ ფაქტია, რეალობაა, რომ ჩვენ ეს დიდი მონაპოვარი შესაძლოა დავკარგოთ.
ძალიან მაწუხებს ეს პრობლემა, როგორც მოქალაქეს, როგორც მასწავლებელს, როგორც ქალს. მიმდინარე წელს, ჩემს სადამრიგებლო კლასში მოსწავლეს სიმსივნე ჰქონდა. თურქეთში მკურნალობდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადარჩა. ახლა დედებს იმის იმედსაც ართმევენ, რომ იბრძოლონ საკუთარი შვილების ჯანმრთელობისთვის“, – გვეუბნება ნესტან კუბლაშვილი.
ნესტანის თქმით, ევროპასთან დაშორება და რუსეთთან დაახლოება მას წარსულ ჭრილობებს უხსნის, როცა საბჭოთა რეჟიმმა მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე იმსხვერპლა.
„მე ორგანულად მძულს რუსული რეჟიმი, რადგან რეპრესირებული ოჯახის წარმომადგენელი ვარ. ბაბუაჩემი დახვრიტეს, მამაჩემი უპატრონოდ გაიზარდა და მშვენივრად ვიცი, რა საშიშ სისტემაში შეიძლება აღმოვჩნდეთ.
ფუნდამენტურად საყრდენს დავკარგავთ, იმიტომ, რომ მე მაგალითად, 30 წელია სკოლაში ვმუშაობ და აი, ამ ხანგრძლივი პრაქტიკიდან ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩემ ცხოვრებაში მოხდა, ევროპამ მომცა. პროექტმა „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“, რომლის საშუალებით და ესტონეთის საელჩოს ხელშეწყობით ერთი კვირით წავედი ტალინსა და ტარტუში პროფესიული განვითარების მიზნით.
პრაქტიკულად გვაჩვენეს, როგორ შეიძლება მიაღწიო წარმატებას, თუ ერი შეთანხმდება რამეზე.
2016 წელს იყო ეს და მაშინ ვნატრობდი, ნეტა მეც ესტონეთის მოქალაქე ვიყო ვიყო-მეთქი, იმდენად დადებითად დამუხტული ჩამოვედი იქიდან. მას მერე ვცდილობ ჩემს მოსწავლეებს ვასწავლო, როგორ შეიძლება დემოკრატიულად, პატიოსნად, სამართლიანად მიაღწიო წარმატებას და ესტონეთის მაგალითი მომყავს სულ.
თუ ეს შესაძლებლობები ჩამოგვერთმევა, არ ვიცი რა იქნება მაშინ. შეიძლება საერთოდ სკოლაში მუშაობაზეც კი უარი ვთქვა, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება“, – ამბობს ნესტან კუბლაშვილი.
მისი თქმით, თუ დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლება არ მიეცემა ქართულ საზოგადოებას, მაშინ არც განათლებას ექნება რაიმე ფასი, ასეთ ქვეყანაში.
„თავისუფლება, დემოკრატია, პიროვნული ზრდა, სამართლიანობა, ეს არის ჩემთვის უპირველესი ღირებულებები. ფაქტობრივად, ამას ვკარგავთ, ყველაფერთან ერთად.
არ ვიცი ახლა რომ შევალ გაკვეთილზე, როგორ უნდა ვასწავლო მაგალითად, „ჯაყოს ხიზნები“, ან როგორ უნდა ვასწავლო „დათა თუთაშხია“, რაზე უნდა ველაპარაკო ბავშვებს, ან რამდენად გულწრფელად გამომივა ამის ახსნა, არ ვიცი.
მგონია, რომ ყველაფერს სახელს უცვლიან – გმირობას, სიმამაცეს, სამშობლოს სიყვარულს. საშინელებაა. გაკვეთილზე სხვა რამე ასწავლო ბავშვს და გარეთ სხვა რამე ესმოდეს, ძალიან რთული იქნება. დღეს სახელმწიფო სხვა პრიორიტეტებს ულაგებს ბავშვებს და არ ვიცი ეს რა არის. ამდენ ყვარყვარეში და ამდენ ჯაყოში, ბავშვებს მართლა გაუჭირდებათ სწორი მხარე იპოვონ“, – ამბობს ნესტან კუბლაშვილი.
მისი აზრით, დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან იმაზე საუბარი, რომ გმირობა არ არის საჭირო ბრძოლის ველზე, არის ცრუ პატრიოტიზმი.
„ურაპატრიოტიზმი, ცრუ პატრიოტიზმია რა თქმა უნდა, რადგან პიროვნულის, იდენტობის დაკარგვისკენ მოწოდებაა ეს, რომ ბავშვმა, ადამიანმა, საკუთარი ინდივიდუალიზმი დაკარგოს და გახდეს მორჩილი მასის ნაწილი. ამას ახალისებენ.
თუმცა ეს ახლა ხომ არ დაწყებულა? ეს ყველა რეჟიმისთვის დამახასიათებელია, როდესაც გაიძულებენ მასის ნაწილი გახდე და ინდივიდუალური, თუ რამე გაგაჩნია, დაკარგო. მერე ამისთვის დაგაჯილდოებენ ალბათ რაღაცით“, – გვეუბნება ნესტანი.
მისი თქმით, როგორც ერთი მასწავლებელი, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არ გადაუხვიოს საკუთარ პრინციპებს.
„არაფრის ფასად არ ვაპირებ ამ პრინციპებს გადავუხვიო, რადგან ამ ხელისუფლების დროსაც შემეხო რეპრესიები. USAID-ის პროექტში გავიმარჯვე, საგრანტო თემა იყო ევროინტეგრაცია.
ბავშვები დამყავდა ყველგან. ნატოს ცენტრში, პრეზიდენტის სასახლეში, ვაწვდიდი ინფორმაციას ევროპულ ღირებულებებზე, მაგრამ როცა 2023 წელს საპროტესტო აქციები დაიწყო, ბრალი დამდეს, თითქოს იძულებით ვატარებდი ბავშვებს მიტინგებზე. თან მე-8, მე-9 კლასელ მოსწავლეებს. თუმცა ეს ვერ დამიმტკიცეს. ფაქტობრივად, ეს იყო იმის დასაწყისი, რომ მასწავლებლებს ისევ გველოდება რეპრესიები.
ამის მიუხედავად, ყველა პეტიციას ვაწერდი ხელს, რაც საქართველოს ევროინტეგრაციას ემხრობოდა, რადგან ასე ვფიქრობ რეალურად, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
თუ მე არ ვიქნები გულწრფელი, ვერც ბავშვებს ვასწავლი გულწრფელობას, პატიოსნებას და სამართალს“, – ამბობს ნესტანი.
მისი აზრით, საქართველოს ევროპული გზის შენარჩუნება დღეს დამოკიდებულია თითოეულ მოქალაქის პასუხისმგებლობაზე.
„ინდივიდუალურად, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს თავისი წილი პასუხისმგებლობა, ამაზე დგას დღეს ჩვენი ქვეყნის ხსნა. ყველგან, ყველა საქმეში უნდა გამოვხატოთ ეს. ჩემი პირადი გამოცდილებით და პირადი მაგალითით შევეცდები, ჩემს აღსაზრდელებსაც დავანახო, რომ ევროინტეგრაცია არის უალტერნატივო ჩვენთვის.
სამწუხაროდ, დღესაც არსებობენ სკოლაში ეგრეთ წოდებული რუსეთუმე მასწავლებლები, რომლებიც იყენებენ საკუთარ ავტორიტეტს და ბავშვებს, ასე ვთქვათ, ტვინს ურევენ. პირადად მე, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების დროს ვცდილობ ბავშვებს დავანახო ნათელი, სწორი გზა. სამართლიანი გზა და არა მონობა, თუნდაც რაღაც მასის ნაწილად გახდომა.
სამწუხაროდ, არსებობენ მედროვე ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს მატერიალურ კეთილდღეობას ანაცვლებენ და ყველაფერზე არიან წამსვლელები, ოღონდ დღევანდელი კვერცხით ისარგებლონ“, – ამბობს ნესტან კუბლაშვილი.