მასწავლებელთა რაოდენობა 63 700-მდე გაიზარდა – პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.5%-ია

2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63.7 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.2 პროცენტით მეტია. მასწავლებელთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.5 პროცენტი, ხოლო კაცების წილი 12.5 პროცენტია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 296 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 210 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა, ხოლო ბოლო 5 წლის განმავლობაში სკოლების რაოდენობა 17-ით შემცირდა.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება.
2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 634.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.2 პროცენტით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.5 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.5 პროცენტი. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.2 პროცენტი გოგოა, ხოლო 51.8 პროცენტი – ბიჭი.