ჰონგ-კონგის ჩრდილოეთით მდებარე საცხოვრებელ კომპლექს Wang Fuk Court-ში მომხდარი მასშტაბური ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 44 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ ხანძართან დაკავშირებით სამი პირი დააკავა გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები – 52-დან 68 წლამდე ასაკის მამაკაცები იმ სამშენებლო კომპანიაში მუშაობენ, რომელიც კომპლექსში სარემონტო სამუშაოებს ატარებდა. ორი დაკავებული კომპანიის ხელმძღვანელია, ერთი კი საინჟინრო კონსულტანტი.
“გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ გამოავლინა უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია ეს ტრაგედია და გამოიწვია ხანძრის უკონტროლო გავრცელება, რის შედეგადაც მასშტაბური კატასტროფა მოხდა“, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
ხანძრის დეტალები
ხანძარს, რომელმაც საცხოვრებელი კომპლექსის რვა კორპუსიდან შვიდი მოიცვა, 700-ზე მეტი ადამიანი აქრობდა. მეხანძრეები აქამდე ცდილობენ ცეცხლის რამდენიმე კერის ლოკალიზებას.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ის მაშინ გაჩნდა, როდესაც საცხოვრებელ კომპლექსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ხუთშაბათს დილით ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჯონ ლიმ განაცხადა, რომ 279 ადამიანი ითვლებოდა დაკარგულად, თუმცა მოგვიანებით მეხანძრეებმა განაცხადეს, რომ ზოგიერთ მათგანი კონტაქტზე გამოვიდა. ლის თქმით, 900-ზე მეტმა ადამიანმა თავშესაფარი დროებით განთავსების ადგილებში იპოვა.

ჩინეთის სახელმწიფო ტელეარხის CCTV-ის ცნობით, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ხანძრის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
ხანძრის შესახებ ცნობილი გახდა ადგილობრივი დროით ოთხშაბათს 14:51 საათზე. ხანძარს მიენიჭა მეხუთე, უმაღლესი დონის საშიშროება. პოლიციამ მიმდებარე შენობების მაცხოვრებლების ევაკუაცია მოახდინა.
ზოგიერთი მაცხოვრებელი აღშფოთებული იყო ხანძრის ასეთი მასშტაბის გამო და აკრიტიკებდა ხელისუფლების რეაგირებას.

“როდესაც ტყის ხანძარია, ისინი ვერტმფრენებს იყენებენ და წყალს ასხამენ, რატომ არ გამოიყენეს აქ?“ – ამბობს 60 წლის მცხოვრები პუნი.
შენობის თავისებურებები
ადგილიდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ შენობები ბამბუკის სამშენებლო ხარაჩოებით იყო გარშემორტყმული. ისინი უფრო მსუბუქია ვიდრე მეტალის კონსტრუქციები, მაგრამ საკმაოდ მტკიცე და ადვილად დასამონტაჟებელია. გაზაფხულზე ჰონგ-კონგის მთავრობამ უსაფრთხოების მიზნით ბამბუკის ხარაჩოებზე თანდათან უარის თქმა გადაწყვიტა.

Wang Fuk Court კომპლექსი აშენდა 1983 წელს ზღვასთან ახლოს. ის შედგება რვა საცხოვრებელი ბლოკისგან, რომელშიც 1984 ბინაა. 2021 წლის აღწერის მონაცემებით, იქ დაახლოებით 4600 ადამიანი ცხოვრობდა.

ჰონგ-კონგის საცხოვრებელ კომპლექსებს, როგორც წესი, კომპაქტური განლაგება აქვთ, შენობები ერთმანეთთან ახლოს დგას, ბინები კი პატარაა. სწორედ ასეთმა სიმჭიდროვემ გამოიწვია, ის, რომ ხანძრის შემთხვევაში დიდი რაოდენობით ადამიანი დაზარალდა.




