თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გოთუას ქუჩასა და ვახუშტი ბაგრატიონის ხიდს შორის არსებულ ტერიტორიაზე ცნობილი ბიზნესმენები მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავენ. „კომერსანტმა“ რამდენიმე პროექტის გრგ და სავარაუდო ესკიზები მოიპოვა.
ძმები პაპაშვილების მრავალფუნქციური კომპლექსი – 7681 კვ.მ ფართობზე ბიზნესმენები ორი შენობის მშენებლობას განიხილავენ. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებაზე მოთხოვნა უკვე შეტანილია და შუალედური თანხმობაც გაცემულია.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, შენობის მაქსიმალური სართულიანობა 27-ია, პროექტის 25% საცხოვრებელი, ხოლო 75% კომერციული ფართი იქნება.
ტერიტორიის მფლობელი კომპანია შპს „ბიზნეს-ცენტრი მტკვრის სანაპიროზეა“, რომლის 50% ლაშა პაპაშვილს, 50% კი სულხან პაპაშვილს ეკუთვნის.
„მაკდონალდსის“ რესტორანი – მარჯვენა სანაპიროზე, გოთუა N7-ში, 2278 კვ.მ. მიწის ფართობზე, „მაკდონალდსის“ ახალი ფილიალის გახსნა განიხილება.
შპს „თ და კ რესტორნები“, რომლის 90% წილის მფლობელი ბიზნესმენი თემურ ჭყონია, 10%-ის კი თენგიზ კაპანაძეა, არქიტექტურის სამსახურისგან პროექტის შეთანხმებას ელოდება.
„პროექტი ითვალისწინებს რესტორნის (მაკდონალდსის დრაივის) მშენებლობას, შენობა 2 სართულიანია და გააჩნია ცალკე მდგომი სარდაფი (სახანძრო ავზი), ასევე ტერიტორიაზე მოეწყობა დამხმარე შენობა 1 სართულიანი ცალკე მდგომი. ტერიტორიაზე მოეწყობა პარკინგები.
შენობა რკინაბეტონის კარკასია და შემავსებლად გამოყენებულია სამშენებლო ბლოკი, რომელიც მოპირკეთდება კომპოზ. პანელებით. ღიობები მოეწყობა ალუმინის პროფილისაგან. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა საყრდენი კედლები და ლითონის ღობე“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი – გოთუას 7 ნომერში შპს „ალიანს კონსტრაქშენს“, რომელშიც წილებს აზერბაიჯანის მოქალაქეები ფლობენ, 24 სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვაზე განაცხადი შეტანილი აქვს და შუალედური დასკვნა უკვე გაცემულია.
„2023 წლის 24 მაისის ბრძანება #ბ01.01231448-ით შევიდა ცვლილება სპეციალურ ზონალურ შეთანხმებაში და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციის მაქსიმალური პროცენტული წილი განისაზღვრა 77%-ით.
წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებულია 24 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისა (ბლოკი „ა“) და ცალკე მდგომი 2 სართულიანი საზოგადოებრივი ფუნქციის 2 სართულიანი ნაგებობის (ბლოკი „ბ“) მშენებლობა, 2 მიწისქვეშა ავტოსადგომების სართულით“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწებს ასევე ფლობენ გელა ბეჟუაშვილის ბიზნეს პარტნიორი თეა ჭეიშვილი (2210.00 კვ.მ.), შპს „ალმა“, შპს „აუთდორ ჯი“ და სხვები.