მასშტაბური ახალგაზრდული პროექტი დაიწყო

ყვარლის სასწავლო ცენტრში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოადგილეებთან ერთად ახალგაზრდულ კლუბ „YOUTHTITIA“-ს წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრმა სტუდენტებს წარმატებები უსურვა და კლუბის წევრებს სამინისტროს საქმიანობის სფეროები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.
„კონკურსის წესით არჩეულ იქნა 30 სტუდენტი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გაიარონ პრაქტიკა; განახორციელონ პროექტები, რომელთაც დააფინანსებს იუსტიციის სამინისტრო. ვფიქრობ, ეს უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს დაეხმარება პროფესიულ განვითარებაში, ასევე, ქმედით დახმარებას გაუწევს სახელმწიფოს ახალგაზრდა მოტივირებული, მაღალკვალიფიციური და ინიციატივიანი კადრების მოძიებაში“, – განაცხადა სტუდენტებთან შეხვედრისას რატი ბრეგაძემ.
უწყების განმარტებით, პირველ ეტაპზე ახალგაზრდული კლუბის წევრები გუნდური შეჭიდულობისა და იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის შესახებ ორდღიან ტრენინგს გაივლიან.
„YOUTHTITIA“ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეორე-მეოთხე კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს მრავალფეროვან სასწავლო აქტივობებს, თემატურ შეხვედრებსა და საავტორო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას სთავაზობს.
კლუბის წევრებად საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტებიდან 30 სტუდენტი იქნა შერჩეული 1 წლის ვადით.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯავრდებულ დარჩო ხეჩუაშვილს პოლიტიკოსის თვალთვალსა და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნას დაპირდნენ