საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მათი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი რეპორტიორების საკითხზე იმსჯელა.
პირველი არხის ბორდის წევრებმა არხის ტელევიზიის მენეჯმენტს ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის საქმის პროკურატურაში წაღება შესთავაზეს.
სამეურვეო საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე ის ჟურნალისტები, რომლებიც ქვეყანაში არსებული მოვლენების ობიექტურად გაშუქებასა და საზოგადოებისთვის “ქართული ოცნების” ინტერესებისგან დაცლილი მედიაპროდუქტის ჩვენებას ითხოვდნენ, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულეს.
გია მურღულია:
“ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მე შენ გეტყვი, არ არიან ეს ადამიანები შემჩნეული ისეთი ნაბიჯების გადადგმაში, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ, სასიცოცხლო ინტერესებს. ეს არის გლობალური სურათის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაგმენტი. ეს ფრაგმენტი მაძლევს უფლებას და ვალდებულებასაც მიწესებს, რომ დავსვა საკითხი ასე. ხომ არ სცილდება ეს ყველაფერი ჩვენ კომპეტენციას და ხომ არ არის აუცილებლობა იმისა, უფრო კომპეტენტური ადამიანები გაერკვნენ, ვინ მოქმედებდა, რა მიზნებით მოქმედებდა”.
თამილა დოლიძე დედაქალაქს კი არა, ქვეყანას გასცდა და თქვა:”შთაბეჭდილება მაქვს, რომ მასონური ლოჟაა ამ ყველაფერში ჩარეული”.
ვასილ მაღლაფერიძე:
„მიზანშეწონილი მგონია, რომ პროკურატურამ შეისწავლოს ეს საკითხი, რატომ მოუნდათ ამ ადამიანებს და რატომ არის ეს ამბები ერთმანეთთან გადაბმული. ეს თუ ჩვენ ასე არ გავაკეთეთ, განუწყვეტელი პროვოკაციები იქნება. ეს ასე არ უნდა დარჩეს და სერიოზულად უნდა იქნას გამოძიებული. ეს არის სახელმწიფო რესურსების პირადი, პოლიტიკური და შეიძლება ფინანსური გამოყენება, ვიღაცამ ფული აიღო თუ პოლიტიკური სურვილები გამოხატა, ეს უნდა იქნას გამოძიებული… თქვენ შემთხვევით ხომ არ გინახავთ ის კადრი, სალომე ზურაბიშვილი რომ აჩვენა. თუ შენ არ იცი, ის სად ზის როგორ იპოვა 60 ათას კაციან სტადიონზე.”
