პროკურატურამ ამჯერად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია გამოჰკითხა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანაში, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობისას საპოლიციო საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით.
„მე ინფორმაცია არ გამაჩნდა არც არაოფიციალური, პირადი კომუნიკაციის, და, მით უფრო, არც ფორმალური ფორმატების ფარგლებში, – იქნებოდა ეს მთავრობის სხდომა თუ, განსაკუთრებით, უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში. ასეთი განხილვა არ ყოფილა“, – განუცხადა იზორიამ გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს.
„მთავარი პასუხისმგებელი არის ის, ვინც გადაწყვეტილება მიიღო, მით უფრო [როდესაც] გადაწყვეტილების მიმღები, შემდეგ პრემიერ-მინისტრი ხდება. რა ინიციატივა სჭირდება? ინიციატივის ავტორიც თვითონ არის და თვითონ არის პასუხისმგებელი“, – თქვა იზორიამ 23 ივლისს.
ყოფილმა მინისტრმა განაცხადა ისიც, რომ „საგუშაგოს განთავსებიდან რამდენიმე დღეში“ აღარ იკავებდა პოზიციას:
„საგუშაგოს განთავსებიდან რამდენიმე დღეში აღარ ვიყავი მინისტრი, ამიტომ რამეს დაზუსტებას საშუალება არ მექნებოდა“, – განაცხადა მან.
· საგუშაგო 2019 წლის 24 აგვისტოს აღიმართა, 11 სექტემბერს კი ლევან იზორია დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა;
· მოგვიანებით, იმავე წლის 13 ნოემბერს დაინიშნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად;
· 2020 წლის 1 მარტიდან იზორია მსახურობდა საქართველოს ელჩად გერმანიაში;
· 2025 წლიდან იგი ირაკლი კობახიძის მრჩეველია განათლებისა და მეცნიერების საკითხებში.
„ქართული ოცნების“ ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერის, გიორგი გახარიას ყოფილი თანაგუნდელები – „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი ლიდერები და წევრები – ამბობენ, რომ ექსპრემიერმა გახარიამ, 6 წლის წინ, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანაში, საპოლიციო საგუშაგო „ერთპიროვნული გადაწყვეტილებით“ აღმართა.
პარტიის თანახმად, შედეგად დაიკარგა დამატებითი ტერიტორიები და ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე დადგა. პარტია გახარიას ომის მიზანმიმართულ გამოწვევაშიც სდებს ბრალს.
ჩორჩანის საგუშაგოს საკითხის განხილვა სადავო პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ [„წულუკიანის კომისია“] 14 აპრილს დაიწყო და თავად გიორგი გახარიაც გამოჰკითხა.
გახარია ამჟამად ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“, ლიდერია, – მას პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის პარტიის წევრები მოღალატეს ეძახიან და ამბობენ, რომ ზურგს „დიპ სტეიტი“ უმაგრებს.
პროკურატურაში ამ საკითხზე უკვე გამოჰკითხეს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი „ქართული ოცნების“ მთავრობაში, მაია ცქიტიშვილი.
მან 17 ივნისს თქვა, რომ მისთვის „ცნობილი იყო, რომ საგუშაგო უნდა განთავსებულიყო“.
14 ივნისს საგამოძიებო უწყებაში მისული იყო სუს-ის ყოფილი უფროსი, სანქცირებული ვახტანგ გომელაურიც.
გუშინ კი, 22 ივლისს, ამ საკითხზე პროკურატურაში გამოჰკითხეს საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური, ვლადიმერ ჩაჩიბაია.
„როდესაც ჩორჩანასთან საგუშაგოები აღიმართა, თავდაცვის ძალები ინფორმირებულები არ იყვნენ. არც თავდაცვის მინისტრისგან, არც პრემიერ-მინისტრისგან და არც პრეზიდენტისგან, არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.
ფორუმი
