ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელი სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალებში ფიგურირებს, რის გამოც ეს დოკუმენტები არ საჯაროვდება.
ამის შესახებ ილონ მასკმა X-ზე მას შემდეგ დაწერა, რაც დონალდ ტრამპმა და მან ერთმანეთი დღეს საჯაროდ გააკრიტიკეს.
ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგისთვის ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ბრალის თანახმად, მან ათობით არასრულწლოვანი გოგო სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართო. 2024 წელს დოკუმენტების ასობით გვერდი გამოქვეყნდა. ეს დოკუმენტების პირველი ნაწილი იყო, რომელშიც საუბარი იყო დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპშტეინის შეხვედრაზე. 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ სხვა საქმეებთან ერთად, ამ საქმის მასალებსაც გაასაჯაროებდა, თუმცა გენერალური პროკურორის მიერ გამოქვეყნებული ახალი ფაილები დამატებით გარემოებებს ან სახელებს არ მოიცავდა.
