1-ელ ივლისს რუსეთში გამართულ ღონისძიება კავკასიურ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დმიტრი მასიუკი და საქართველოს შესახებ ილაპარაკა.
მასიუკის მტკიცებით, რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაცია სურს და მზად არიან ის “ჩრდილოეთი-სამხრეთის” (Север-Юг) სახელით ცნობილ სატრანსპორტო დერეფანში ჩართონ.
“ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის პრეფერენციებით წვდომის უზრუნველყოფა, საჰაერო გადაადგილების აღდგენა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნა. ცალკეული საქონლის მიწოდების მხრივ რუსეთი საქართველოსთვის კრიტიკულად აუცილებელ პარტნიორად რჩება. მზად ვართ წინსვლისთვის, მათ შორის საქართველოს სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფან “ჩრდილოეთი-სამხრეთში” ჩართვამდე.” – თქვა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ჩრდილოეთი-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი არის პროექტი, რომელიც თავდაპირველად 2002 წელს, რუსეთის, ირანისა და ინდოეთის წარმომადგენლებს შორის გაფორმდა. დერეფანი, რომელიც ამ ქვეყნების ვაჭრობის გამარტივებას უწყობს ხელს, მოიცავს აზერბაიჯანის ტერიტორიასაც.
