„მასალა შემოგვაქვს გერმანიიდან და თურქეთიდან. ადგილობრივი თიხის ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი“ -„CeramicArt“

„CeramicArt“ ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ამჟამად 6 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და როგორც ადგილობრივ, ისევე საერთაშორისო პროგრამებში იღებს გარკვეული სახის დაფინანსებას.
კომპანიის თანადამფუძნებლის, ანა ჯაფარიძის თქმით, „CeramicArt“ აწარმოებს ხელნაკეთ მხატვრულ კერამიკას თანამედროვე ინტერიერისთვის და ექსტერიერისთვის, რომელიც იყიდება როგორც სახელოსნოდან, ასევე ონლაინ.
„ვაწარმოებთ ხელნაკეთ მხატვრულ კერამიკას თანამედროვე ინტერიერისთვის და ექსტერიერისთვის: ფუნქციურ ჭურჭელს, სახლის აქსესუარებს და დიდი ზომის მხატვრულ კერამიკას. ჩვენთვის ხარისხი მნიშვნელოვანია და ამიტომ ჩვენ თავად ვართ ჩართული პროცესში, ნამუშევრის შექმნის ყველა ეტაპზე.
ჩვენი პროდუქცია იყიდება სახელოსნოდან, ონლაინ და ვთანამშრომლობთ რამდენიმე კომპანიასთან, სადაც განთავსებულია ჩვენი ნამუშევრები“.
მისი თქმით, ხელნაკეთ კერამიკაზე დაინტერესება და მოთხოვნა გაზრდილია. თვეში 300-400 ნივთი იყიდება. მათი ფასი კი 15 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს. მოთხოვნა კი ძირითადად (საყოფაცხოვრებო) ყოველდღიური მოხმარების კერამიკაზეა.
„დაინტერესება და მოთხოვნილება გაიზარდა ხელნაკეთ კერამიკაზე, მოიმატა ასევე კერამიკაში მომუშავეთა რიცხვმა. თვეში საშუალოდ 300-400 ნაკეთობის რეალიზაციას ვახდენთ, ვიღებთ სხვადასხვა ტიპის კერძო და კორპორაციულ შეკვეთას. ვცდილობთ ფასები ისე დავარეგულიროთ, რომ ხელმისაწვდომი იყოს ქართველი მომხმარებლისთვის. ფუნქციური კერამიკის ფასები მერყეობს 15-150ლ. დიდი ზომის მხატვრული კერამიკის ფასი კი 100 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს. მოთხოვნა ძირითადად (საყოფაცხოვრებო) ყოველდღიური მოხმარების კერამიკაზეა.
იმისთვის რომ უფრო მეტად გავაცნოთ ჩვენს მომხმარებელს, რამდენად რთულია ხარისხიანი კერამიკის შექმნა , როგორც დიზაინის ასევე მასალის დამუშავების კუთხით, ჩვენ მასტერკლასებსაც ვთავაზობთ“.
როგორც ანა ჯაფარიძემ აღნიშნა, მასალები გერმანიიდან და თურქეთიდან შემოაქვთ.
„10 წელზე მეტია, რაც მასალა შემოგვაქვს გერმანიიდან და თურქეთიდან. ადგილობრივი თიხის ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი, რადგან გადამუშავება ვერ ხდება სათანადო დანადგარებისა და ტექნოლოგიების არ ქონის გამო.
ხელსაწყოებისა და მასალის მოძიება ადგილობრივ ბაზარზე პრობლემას აღარ წარმოადგენს, წინა პერიოდებისაგან განსხვავებით, მაგრამ ჩვენ იმპორტს ვარჩევთ მასალების არჩევანისა და ფასის გამო“.
თანადამფუძნებლის თქმით, კომპანიას ნივთების ექსპორტზე გატანის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს. სამომავლო გეგმები კი ღუმელის შეძენას უკავშირდება.
„გვაქვს ექსპორტის გამოცდილება და მსოფლიოს მრავალი მიმართულებით ვაგზავნით კერძო შეკვეთებს (ამერიკა, ევროპის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა). სამომავლო გეგმად გვაქვს ღუმელის შეძენა, რათა უფრო მეტი პროდუქციის წარმოება შევძლოთ“.