მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ! – ამის შესახებ თურქეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა.
„საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შევძელით. მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ! მიქაუტაძემ მართლაც ისტორიული გოლი გაიტანა და მილოცვას ვუერთდები. რაც შეეხება მარცხს, მისგან იმ გამოცდილებას მივიღებთ, რაც უკვე უახლოეს მატჩებში გამოგვადგება.სტადიონზე ატმოსფერო მშვენიერი იყო. ვფიქრობ, ახლა აზაროვზე საუბარი არ ღირს…იყო თუ არა ჩემი გადაწყვეტილება მამარდაშვილის საჯარიმოში ჩასვლა? ჩვენ არ გვსურდა წაგვეგო და გიორგი ასე იმიტომ მოიქცა”, – აცხადებს მწვრთნელი, რომლის კომენტარსაც „სპორტალი” ავრცელებს.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი დორტმუნდში გამართა. მისი მოწინააღმდეგე თურქეთი იყო, რომელმაც 3:1 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 22 ივნისს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.
