მარცვლეული – საკვები თუ საწვავი? ხორბლის ფასების დაცემასთან ერთად, ზოგიერთი ლიეტუველი ფერმერი მოსავალს წვავს

ლიეტუველმა ფერმერებმა სოციალურ ქსელებში ხორბლის, როგორც საწვავი საშუალების, რეკლამირება დაიწყეს. როგორც ზოგიერთი მათგანი აცხადებს, მარცვლეულის ფასი იმდენად დაეცა, რომ ახლა უფრო გონივრულია ხორბლის საწვავად და არა საკვებად გამოყენება.
ნატურალისტმა მინდაუგას რაილამ ფეისბუქზე იმ ფერმერის პოსტი გააზიარა, რომელიც საწვავად ხორბლის გამოყენების რეკომენდაციას იძლევა. რეკლამის თანახმად, ხორბლით გათბობა უფრო ეკონომიურია, ვიდრე ამ მიზნით გრანულების ან შეშის გამოყენება; ერთი ტონა ხორბლის ფასი დაახლოებით 140 ევროა, გრანულების კი – 260 ევრო.
როგორც „ლიეტუვის საზოგადოებრივ რადიოს“ რაილამ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი პროდუქტი ისე გამოიყენონ, როგორც სურთ, საკითხი არც ისე მარტივია, რადგან ხორბლის მოყვანა ევროკავშირის მიერ სუბსიდირდება. მისი მტკიცებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კულტურების საწვავად გაყიდვა ეთიკურად მიუღებელია, რადგან ამ ხარჯს, საბოლოო ჯამში, გადასახადის გადამხდელები ფარავენ.
„რომ დაფიქრდე, ეს, უბრალოდ, არასწორია და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს, მარცვლეულის სიჭარბე გვაქვს. შესაძლოა, ეს მარკეტინგია და ფერმერს მხოლოდ ყურადღების მიქცევა სურს, მაგრამ რეკლამა მაინც ცუდად ჟღერს“, – ამბობს რაილა.
მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირის გადასახადის გადამხდელები მარცვლეულის წარმოებას საკვების გასაიაფებლად აფინანსებენ, მაგრამ საბოლოო პროდუქტი სრულიად სხვა რამისთვის გამოიყენება.
„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ აშკარად ვხედავთ ჭარბწარმოებას. ფასები იმდენად დაეცა, რომ ხალხს ახლა შეუძლია ხორბალი იმისთვის გამოიყენოს, რისთვისაც არასდროს ყოფილა განკუთვნილი“, – განმარტა მან.
მიუხედავად იმისა, რომ ბიომასის დაწვა თავისთავად საზიანო არ არის, რაილა ამბობს, რომ მარცვლეულის მოყვანა ხელს უწყობს ნიადაგისა და წყლის დაბინძურებას, ასევე ეროზიას.
„გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, ეს ნორმალური არ არის. ხორბლის მოყვანის პროცესი გულისხმობს სასუქებისა და პესტიციდების გამოყენებას, რაც გავლენას ახდენს გარემოზე“, – აღნიშნა მან.
ლიეტუვის ფერმერთა კავშირის ხელმძღვანელის მოადგილის, მარტინას პუიდოკასის თქმით, მარცვლეულის ბაზარი მივიდა იმ წერტილამდე, როდესაც გასაყიდი ფასები წარმოების ხარჯებსაც კი ვერ ფარავს.
„ეს, რა თქმა უნდა, საკვების ფასებზე არ აისახება. ფერმერებს არ შეუძლიათ საცალო ფასებზე გავლენის მოხდენა – მას შუამავლები აკონტროლებენ“, – ამბობს პუიდოკასი.
მისივე თქმით, ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, თითქოს, ფერმერები „ბუნებას ანადგურებენ“ ან სუბსიდიებით ცხოვრობენ.
„ევროკავშირის სუბსიდიები გაიცემა ფერმერთა შემოსავლების დასასტაბილურებლად და ხელმისაწვდომი, უსაფრთხო საკვების უზრუნველსაყოფად. რეალური პრობლემა ბაზრის მძიმე პირობებია – მარცვლეულის წარმოება ძვირი და შრომატევადია, თუმცა მომგებიანი აღარ არის“, – აღნიშნა მან.
პუიდოკასის თქმით, შექმნილ ვითარებას სასუქების მაღალი ფასები და წარმოების საერთო ხარჯები განაპირობებს.
„გვინდა, ამაზე მთავრობის ყურადღება გავამახვილოთ – ეს სრულიად არალოგიკურია და ფასების ასეთი კოლაფსი ძალიან იშვიათია“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
„ლიეტუვის საზოგადოებრივ რადიოსთვის“ გაგზავნილ ელექტრონულ წერილში, ლიეტუვის მეღორეობის ასოციაციის ხელმძღვანელი, ალგის ბარავიკასი ამბობს, რომ ხორბლის დაწვა ეთიკურ კითხვებს აჩენს, ისევე როგორც მისი სხვა მიზნებით გამოყენება, მაგალითად, მისგან სპირტის გამოხდა.
„ფერმერები აღარ ზრდიან ღორებს ან ფრინველს, ამიტომ მათ საკვებზე ნაკლები მოთხოვნაა. თვრამეტი წლის წინ, „ლიეტუვის საზოგადოებრივ რადიოში“ გავიდა რეპორტაჟი გერმანიაში ხორბლის დასაწვავი ღუმელების შესახებ – 2007 წელს ასეთი რამ მარცვლეულის სიჭარბის გამო მოხდა“, – დასძინა მან.
ბარავიკასი მიიჩნევს, რომ საბაზრო პირობები ზოგჯერ მარცვლეულის სიჭარბეს ან მოთხოვნის ნაკლებობას იწვევს და მათი მაღალი ენერგეტიკული ღირებულების გათვალისწინებით, გათბობის წყაროდ მარცვლეულის გამოყენება შესაძლებელია.
„შეგიძლიათ დაწვათ ხორბალი, რაფსი ან ჭვავი – მათ მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვთ და შეშაზე ნაკლებ შესანახ ადგილს იკავებენ“, – ამბობს ის.
მიუხედავად ამისა, რაილა ამტკიცებს, რომ სუბსიდირებული ხორბალი ამ მიზნებისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული.
„არსებობს ბიოსაწვავი, რომელიც სპეციალურად გასათბობად მოჰყავთ, მაგალითად, ტირიფი. ის ნაკლებად აბინძურებს გარემოს და უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე ხორბალი. თუ ევროპას მარცვლეულის სიჭარბე აქვს, მაშინ მისი სუბსიდირება არ უნდა მოხდეს და ბაზარი ბუნებრივად უნდა დაბალანსდეს“, – მოითხოვს რაილა.
პუიდოკასი მას ეთანხმება იმაში, რომ არანორმალურია, როდესაც სასურსათო კულტურების დაწვა უფრო იაფია, ვიდრე მათი საკვებად გამოყენება, თუმცა, ხაზგასმით აცხადებს, რომ ხორბლის დაწვა იშვიათად ხდება და ეს უფრო გამონაკლისი შემთხვევებია, ვიდრე ტენდენცია.