მარტში ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა – „სფუმატო“

მარტში ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” ღამის სამოსის მწარმოებელი კომპანია “სფუმატოს” დამფუძნებელმა მარიამ პერტიამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, “სფუმატოს” პროდუქციას ძირითადად სასაჩუქრედ ყიდულობენ და მათი მომხმარებლების ძირითადი ნაწილი ფიზიკური პირები არიან.
“ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირებულია, თუმცა თუ წინა თვეს, თებერვალს შევადარებთ, მოთხოვნა გაიზარდა. 8 მარტთან დაკავშირებით, კორპორატიული შეკვეთებიც გვქონდა. ყველაზე დიდი მოთხოვნა არის ჩვენს სასაჩუქრე ნაკრებებზე, ხოლო კორპორატიული შეკვეთები საძილე სათვალეებზე იყო. დღესასწაულებზე განსაკუთრებით აქტიურობენ ხოლმე მამაკაცები და საყვარელი ქალბატონებისთვის ჩვენს პროდუქციას უკვეთავენ”, – აცხადებს მარიამ პერტია.
“სფუმატოს” დამფუძნებელი გაძვირებულ ნედლეულზეც საუბრობს. მარიამ პერტიას თქმით, კომპანია ცდილობს ფასები შეინარჩუნოს, რაც საკმაოდ რთულია.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს – “სფუმატო” ზაფხულში ასორტიმენტის ზრდას, მათ შორის, საცურაო კოსტიუმების დამატებას გეგმავს. გარდა ამისა, როგორც მარიამ პერტია აღნიშნავს კომპანიის სამომავლო გეგმებში პროდუქციის Amazon-სა და ebay-ზე განთავსებაც შედის.
ცნობისთვის, “სფუმატო” ბაზარზე 8 წლის წინ გამოჩნდა. კომპანია აწარმოებს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ხალათებს, ქალის პერანგებს, საღამურებს, ღამის სათვალეებს ე.წ. სლიფერებს სასურველი წარწერებით და ორნამენტებიან კიმონოებს, საზღვაო პარეოებს და სხვა. “სფუმატო” პროდუქტს მხოლოდ ონლაინ ყიდის. ნედლეული კი თურქეთიდან და დუბაიდან შემოაქვს.
bp.ge