მარტში პროდუქციის წარმოება გაძვირდა

მარტში პროდუქციის წარმოება გაძვირდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების მარტის თვის ინდექსის მიხედვით, ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 5.5%-იანი მატება.
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 22.3%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.29 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (29.4%);
• დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.3%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.5 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტებზე (4.5%) და სასმელებზე (6.7%);
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 6.6%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.71 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 1.8%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.05 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
2025 წლის თებერვალთან შედარებით ფასები 0.8%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.05 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.
ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.9%), რამაც 0.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.
ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (2.4 პროცენტი) და ძირითად ლითონებზე (4.6%).
ფასების 0.2 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.02 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების 0.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე.