ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) შეკრებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შესახებ შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში შეფასებულია 2023 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში ჩატარებული 15 საპროტესტო აქცია, მათ შორის საუბარია – მარტის აქციებზე, თბილისი პრაიდის ჩაშლაზე, თეთრი ფურცლის გამო დაკავებულ აქტივისტებსა და სხვა შეკრებებზე.
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში გამოკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები, რომელთა შორისაა:
· აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლისას ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა
· აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა უფლებების დარღვევა
· აქციების ფასილიტაციის პროცესში არაიდენტიფიცირებული პოლიციელების მონაწილეობა
· აქციებზე არაპროპორციული რაოდენობით პოლიციელების მობილიზება
· პროტესტის გამოხატვის მიზნით, კარვის გაშლის დაუსაბუთებელი აკრძალვა
· აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.
HRC-ის ანგარიშში საუბარია 7-9 მარტის აქციებზე და აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში კვლევის საგანი იყო სპეციალური საშუალებებით დაშლის მიზანშეწონილობისა და კანონიერების შეფასება, რასაც ჰქონდა ადგილი მარტის პროტესტის დროს. ანგარიშის მიხედვით, ამ აქციებზე დაკვირვებით გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა, მათ შორის:
· აქციის დაშლისას დაირღვა სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი
· მომიტინგეთა მიმართ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა
· სპეციალური საშუალებებით აქციის დაშლისას დაირღვა საერთაშორისო სტანდარტები