საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა მუდმივად უარესდება, ამიტომ მთავრობის მხრიდან სტრატეგიის განსაზღვრა აუცილებელია. ამის აუცილებლობას ხედავს ქვეყნის პრეზიდენტიც, მიხელ ყაველაშვილმა საგაზაფხული სესიის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გარკვეული ნაწილი აღნიშნულ სკითხს დაუთმო. პრობლემამ განსაკუთრებით ბოლო წლებში იჩინა თავი, არაერთი კვლევა აჩვენებს მოსახლეობის კლების, შობადობის შემცირების სავალალო შედეგებს.
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საფუძვლიანი კვლევა და უწყებათშორისი კოორდინაციით შესაბამისი სტრატეგიის განსაზღვრაა საჭირო.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს დემოგრაფიული საკითხები. ჩვენ ისედაც პატარა ერი ვართ და არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ იზრუნოს ოჯახების გაძლიერებაზე, იმ პირობების უზრუნველყოფაზე, რომელსაც პოზიტიური ეფექტი ექნება. გვჭირდება საფუძვლიანი კვლევა და შესაბამისი სტრატეგიის განსაზღვრა უწყებათაშორისი კოორდინაციის საფუძველზე.
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს და უშუალოდ პატრიარქს იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებს ჩვენი ერის გადასარჩენად და გასამრავლებლად. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საპატრიარქოს როლი კვლავ უდიდესი იქნება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საჭიროა სახელმწიფომ გრძელვადიანი პოლიტიკა შეიმუშაოს და სტრატეგიული გეგმები დასახოს. დემოგრაფი ავთო სულაბერიძე ,,რეზონანსთან” ხაზს უსვამს, რომ ოჯახებზეა დამოკიდებული შობადობა, ამიტომაც მათი გაძლიერება უნდა მოხდეს.
,,წამახალისებელი ნაბიჯი დემოგრაფიული ფონის გასაუმჯობესებლად თავის დროზე პატრიარქმა გადადგა, მაგრამ ეს საკმარისი არაა. სახელმწიფოში გარკვეული ცვლილებებია გასატარებელი. მოგეხსენებათ, თითოეულ ოჯახზეა დამოკიდებული შობადობა, ამიტომაც მათი ეკონომიური წახალისება უნდა მოხდეს. ვერავის უბრძანებ შვილი იყოლიონ, მაგრამ სახელმწიფოს შეუძლია საოჯახო პოლიტიკა გააძლიეროს.
დემოგრაფიული ფონის გაუმჯობესება ძალიან რთული საკითხია. 70-იანი წლებიდან საქართველოში გავრცელდა ე.წ. მეორე დემოგრაფიული გადასვლა, ანუ ლიბერალურ-დემოგრაფიულმა ფასეულობებმა გადმოიწია ოჯახებში და შეცვალა ტრადიციული მიდგომა. წინა პლანზე გადმოიწია განათლებამ, კარიერამ და სხვა ფასეულობებმა. ახლა საჭიროა გარკვეული სტრატეგიის შემუშავება, თუნდაც როგორ შევცვალოთ ამ ქცევის თავისებურებანი.
აუცილებელია განათლების სისტემაში ცვლილების შეტანა. ასევე საჭიროა, შემცირდეს საქორწინო ასაკიც. არის ნუანსები, რომელიც შობადობაზე ნეგატიურად მოქმედებს”, – აღნიშნა სულაბერიძემ.
მისივე განცხადებით, აუცილებელია სისტემური ცვლილებების გატარება ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით პარლამენტში მსჯელობა ჰქონდათ, მუშაობდნენ კონცეფციაზეც.
,,რეგიონების მიხედვით მხოლოდ თანხების გამოყოფა და დახმარება ამ საქმეს არ უშველის. ფულის გამო შვილს არ გააჩენენ. ბავშვის ყოლის მოთხოვნილება შინაგანად უნდა ჰქონდეთ. მაგალითად, ხარაგაულში და სხვა რეგიონებში შემოსავლები მწირია, სამუშაო ადგილების დეფიციტია, მაგრამ ეს იწვევს უფრო მიგრაციას, ვიდრე შობადობის შემცირებას. ამიტომაც, გვჭირდება დაფიქრება, თუ როგორ შევცვალოთ სისტემური მიდგომით დემოგრაფიული პოლიტიკა. აუცილებელია ოჯახების, შობადობის სტიმულირრება ეკონომიკური და სხვა კუთხით.
ბევრი საკითხია ერთმანეთთან გადაჯაჭვული. ყველაფერს თან ერთვის საბინაო პრობლემაც. ყველა დედქალაქში ჩამოდის. ნუთუ არ შეიძლება, რომ მშენებლობის ბუმი რაიონებში გადაიტანონ? ვისაც მესამე და მეოთხე შვილის ყოლა უნდა სახელმწიფომ ბინა თანადაფინანსებით აუშენოს. ამისთვის საჭიროა დეურბანიზაცია. ბიზნესს ვერ უბრძანებ, მაგრამ სახელმწიფომ უნდა შეძლოს დააინტერესოს ისინი და პროექტის თანამონაწილე გახდნენ”, – განაცხადა სულაბერიძემ და იქვე დასძინა, რომ პრობლემა ყველა კუთხეს თანაბრად ეხება, მიუხედავად იმისა, რომ სომხებში და აზერბაიჯანელებში შობადობა შემცირდა, არც ქართველებში გაზრდილა. ამიტომაც, სამხრეთ საქართველოშიც მსგავსი პრობლემის წინაშე ვართ.
დემოგრაფი ანზორ სახვაძეც ადასტურებს, რომ დემოგრაფიული პრობლემები ქვეყანაში გამწვავებულია. სწორედ ეს გახლდათ საფუძველი იმისა, რომ პრეზიდენტმა პირველივე გამოსვლაში ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
,,საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 1992 წლიდან მოყოლებული მუდმივად მცირდება. თუკი 1989 წელს საქართველოში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, გასული წლის მონაცემებით მხოლოდ 3,7 მლნ-მდე იყო. ეს, ერთი მხრივ, შობადობის შემცირების, ხოლო მეორე მხრივ, ემიგრაციის გააქტიურების შედეგია. თუ გვინდა, რომ დემოგრაფიული პრობლემები მოგვარდეს, საჭიროა პრობლემისადმი სახელმწიფოს გამალებული ყურადღება. მარტო ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება არ მოიტანს შედეგს. ჩვენზე გაცილებით მდიდარი ქვეყნებიც მწვავე დემოგრაფიულ პრობლემებს განიცდიან.
2014 წლიდან მესამე და შემდგომ შვილზე, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დახმარების გაწევა მოხდა იმ რეგიონებში, სადაც ძირითადად, ქართულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობდა. იქ არის უარყოფითი მატება ყველაზე თვალსაჩინოდ გმაოკვეთილი. სანამ ბავშვს 2 წელი არ შესრულდებოდა 150 ლარს ბარის რეგიონებში და 200-ლარი მთის რეგიონებში ეძლეოდა. მართალია, ეს საკმარისი არაა, მაგრამ რაღაცა მაინც არის.
ადრე არსებობდა დემოგრაფიის ინსტიტუტი, მერე დაშალეს. დღეს კი, დემოგრაფიულ პრობლემებზე არც ერთი ორგანო სტრუქტურულად მონიტორინგს არ ახორციელებს”, – აღნიშნა ანზორ სახვაძემ.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროა, აღმასრულებელ სტრუქტურაში არსებობდეს დეპარტამენტი, რომელიც ამ პრობლემებზე ყურადღებას გაამახვილებს და შესაბამის უწყებებს შესასწავლად წარუდგენდეს.
,,აუცილებელია დემოგრაფიული პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანიზაცია არსებობდეს. მისი საქმიანოობა კი წარედგინოს პარლამენტს, მთავრობას რომელიც მას განიხილავს, დაამტკიცებს და შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს. რაც მთავარია, ეს უნდა იყოს გრძელვადიანი. ეს კონსერვატული მოვლენაა და ცვლილებები არც ისე სწრაფად ხდება. როცა სახელმწიფოს ფული ექნება, შეიძლება დაგვიანებული იყოს ყველაფერი.
საწყის ეტაპზე, დემოგრაფიული მიზანი უნდა დაისახოს. უნდა ვიცოდეთ რა გვინდა და რა არის საჭირო მის მისაღწევად. დემოგრაფიული პოლიტიკის ღონისძიებები, რომელიც შობადობის სტიმულირებისკენ იქნება მიმართული მხოლოდ ერთი მოწვევის მთავრობაზე არ უნდა იყოს გაწერილი. ის ეფექტს მხოლოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ იძლევა. ამის მაგალითია საფრანგეთი. იქ მე-18 საუკუნის ბოლოს შეამჩნიეს მოსახლეობის კლების ტენდენცია. მე-19 საუკუნეში მიმდინარეობდა ბჭობა რა ნაბიჯები უნდა გადაედგათ და მე-20 საუკუნის 20-იან წლებში შეიმუშავეს დემოგრაფიული პოლიტიკა, რომელიც გარკვეული ცვლილებებით დღემდე გრძელდება. ახლა იქ დეპოპულაციის პროცესი, პრაქტიკულად, დაძლეულია. ამიტომაც, საჭიროა ეფექტური დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავება”, – დასძინა ანზორ სახვაძემ.
წყარო: რეზონანსი