„მარტივია ბიზნესის რეგისტრაცია და საბანკო სისტემაც მოქნილია, მაგრამ ბიზნესი ყვავის და ინვესტორს ან უცხოელს აქ ხელ-ფეხი აქვს გაშლილი – ეს ასე არ არის“ – ნიკა შენგელია
ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 69 ქულით მსოფლიოში 35-ე ადგილზე იმყოფება. ქვეყნის შეფასება 0,6 პუნქტით გაუმჯობესდა. ეკონომისტი ნიკა შენგელია ,,კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, რომ ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი კონკრეტულ ქვეყანაში ბიზნესის კეთების სიმარტივეს აჩვენებს. მისი განმარტებით, საქართველოში ბიზნესის დასაწყებად რეგისტრაციისა და შესაბამისი პროცედურების გავლა მარტივია, თუმცა ეს სიახლე არ არის. ეკონომისტის განმარტებით, კიდევ ერთი ფაქტორი რასაც ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი ითვალისწინებს სასამართლო სისტემაა. ნიკა შენგელია აცხადებს, რომ გაუმჯობესებული მაჩვენებელი მხოლოდ ბიზნესის დაწყებისა და საბანკო გადარიცხვების სიმარტივეს ემყარება. რაც შეეხება სასამართლო სისტემას, აქ პრობლემები რჩება. მისივე თქმით, საბანკო სისტემა ბოლომდე გამართულად ვერ მუშაობს, რადგან ქვეყნის გარეთ გადარიცხვები შეფერხებით ხორციელდება. მიზეზი დასანქცირებული უცხოური ბანკებია.
,,ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი აჩვენებს თუ რამდენად თავისუფალია საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია. რამდენად შესაძლებელია ბიზნესის კეთება. ასევე, ითვალისწინებს სხვა საკითხებსაც. სასამართლო სტრუქტურა როგორ არის მოწყობილი და ა.შ. ბიზნესის რეგისტრაცია ჩვენთან მარტივია. რეგისტრაციას ფაქტობრივად ერთი დღის ვადა სჭირდება. ეს არახალია, მაგრამ რამდენად მოსწონთ ინვესტორებსა და უცხოელებს საქართველოში სასამართლო სისტემა, ეს უკვე სხვა საკითხია. ამიტომ, თუ ქვეყანა დაწინაურდა, ის დაწინაურდა ამ კუთხით, რომ მარტივია რეგისტრაცია და საბანკო სისტემაც მოქნილია. გადარიცხვები ქვეყნის შიგნით უფრო მარტივია ვიდრე ქვეყნის გარეთ. ბოლო დროს საბანკო სისტემა მოიკოჭლებს. ძალიან ბევრი კითხვებია, თუმცა თანხები ირიცხება უცხოეთში პროდუქციის შესაძენად. მოგეხსენებათ, ახლა დოლარის გადარიცხვის არეალი შეზღუდულია რუსეთის, აღმოსავლეთისა და აზიის მიმართულებით. აქაც, ცოტა შეფერხებები არის. ამიტომ ბიზნესი ყვავის და ინვესტორს ან უცხოელს აქ ხელ-ფეხი აქვს გაშლილი – ეს ასე არ არის.”- აცხადებს ნიკა შენგელია.
ეკონომისტი მთავარ გამოწვევად სასამართლო სისტემას ასახელებს. ამბობს, რომ სასამართლოში ხშირად უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება, რის გამოც ქვეყანა ინვესტორებისთვის მიმზიდველობას კარგავს. ნიკა შენგელია პრობლემურ საკითხად მოსამართლეების კვალიფიკაციას ასახელებს. აცხადებს, რომ ხშირად მსაჯულებს ბიზნეს დავების განსახილველად საჭირო ცოდნა და გამოცდილება არ აქვთ.
,,მომრავლდა ,,ქართული, ჯიგრული ჩაწყობის პონტები” სასამართლო სისტემაში. რა თქმა უნდა, ეს აისახება ინვესტიციებზე. ძალიან შემცირებულია ინვესტიციები ბოლო პერიოდში და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის სასამართლო სისტემა. ფაქტობრივად, ბიზნეს დავებში კვალიფიციური მოსამართლეებიც ძალიან ჭირს, რომლებიც ერკვევიან ნიუანსებში, საბანკო გადარიცხვების სისტემებში. აქედან გამომდინარე, პროცესები გაწელილია და ხშირად არასამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღება, რაც საჩივრდება და საჩივრდება და ბოლოს ან შეთანხმება იდება, ან ორივე მხარე უკმაყოფილო რჩება.”- აცხადებს ნიკა შენგელია.
